მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: დღეს მივიღეთ დასტური და ნაბიჯები გადავდგით თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ

5dd3fee944389
BM.GE
19.11.19 19:20
1029
„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ნათია თურნავა თურქეთის დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება - მინისტრი საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის თანათავმჯდომარე იყო და სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა - მისი აღდგენა 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.

„სხდომა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც შედგა ბატონ გახარიას და პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეხვედრის პროცესში. პრაქტიკულად, ორ კვირაში შევძელით ჩვენ და ჩვენმა თურქმა კოლეგებმა და შევიკრიბეთ, რომ გაგვევლო ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღესვე ხელი მოეწერა შერეული კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მთელ რიგ საკითხებში. ნათია თურნავა მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხს გამოყოფს:

„მართალია, დღეს თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს თურქულ ბაზარზე და დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ, ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ჩვენს ცხოველურ ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც, შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი, მათ შორის მესამე ქვეყნების - ევროკავშირის ბაზარზე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.