მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა დღეს ტუროპერატორებს ხვდება

601917d4adcef
ანუკა ჯოხაძე
02.02.21 13:13
910
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 17:00 საათზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც BM.GE-ის ტუროპერატორებმა აცნობეს და ეკონომიკის სამინისტროშიც დაადასტურეს, ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრება.

„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლი მაია მურაჩაშვილი ამბობს, მათ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რა საკითხებზე შედგება სამუშაო შეხვედრა, თუმცა სექტორი ელოდება სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც, ისინი ქვეყანაში ტურისტების შემოყვანას შეძლებენ.

“ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ტუროპერატორებთან უნდა იყოს მჭიდრო კომუნიკაცია იმისთვის, რათა დაიდოს სწორი სტრატეგია. როგორც ვიცით, სტრატეგია უკვე მზად აქვთ და ჩვენთან ერთად უნდა მოხდეს განხილვა და შეთანხმება, რომ ყველასთვის მისაღები იყოს. სულ ეს არის, რაც ამ ეტაპზე ვიცი. მარტო ჩვენ არ ვხვდებით, ჩვენს შემდეგ დაიწყება პერმანენტული შეხვედრები სხვა კომპანიებთანაც, უბრალოდ, ახლა შედარებით მსხვილი კომპანიებით დაიწყეს”, - ამბობს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლი მაია მურაჩაშვილი.

მართალია, 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა და უკვე ცნობილია წესები, რითაც უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას შეძლებენ, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრია აცხადებს, რომ რადგან ეკონომიკა სრულად გახსნილი არაა და რიგი მნიშვნელოვანი შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება, ტურისტების მოზიდვაზე პარტნიორებთან მოლაპარაკების დაწყებას ვერ რისკავენ.