მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: დღეს წყალტუბოს აღორძინების გეგმის განხილვა იწყება

5dc909d2cd3be
თელარა გელანტია
11.11.19 11:10
837
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, დღეს წყალტუბოს აღორძინების გეგმის განხილვა იწყება.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

„დღეს იწყება წყალტუბოს აღორძინების გეგმის განხილვა. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან საჯარო, ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ ჩვენი სურვილია, ყველასთვის თითოეული ნაბიჯი იყოს ცნობილი და ამიტომაც მოგიწვიეთ.

ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს - მათ შორის სახელმწიფო რა ფუნქციებს შეასრულებს, ბიზნესს რა ფუნქციას ვთავაზობთ და რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ძალა და ვინც მთავარი პულსი შესძინა ამ პროექტს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ ვინაიდან პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად სახალხო პროექტი, ჩვენ გვინდა, რომ ძალიან დეტალურად გაიწეროს გეგმა სხვადასხვა მონაწილეს შორის და თქვენ დღეს ამას მოისმენთ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.