მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ეჭვი იყო, რომ სვანეთში არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა

5e2fe4bb1e62f
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.20 11:49
1406
სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის მოხმარების საფასურს არ იხდიან. საქართველოს სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, თუმცა სვანეთში განსხვავებული ვითარებაა - აქ მოსახლეობას დენის ტარიფი ფაქტობრივად არცერთ წელს არ გადაუხდია. 

"საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ვალდებულია, რომ იხდიდეს ელეტროენერგიის საფასურს,"- ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

სვანეთის რეგიონის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო "ენერგო-პრო ჯორჯიას" სვანეთში ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში "დისციპლინის ზრდაში" ეხმარება. ამავდროულად, თურნავას განცხადებით, პრობლემას წარმოადგენდა რეგიონში, სავარაუდოდ, არალეგალური მაინინგის საკითხიც. 

"ჩვენ ვეხმარებით კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას", რათა გაიზარდოს დისციპლინა ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ პირნათლად უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს ცოტა სხვა პრობლემაა, რადგანაც გაიზარდა მათ შორის სვანეთშიც აღურიცხავი მოხმარება, ეჭვი იყო იმაზეც, რომ გარკვეულწილად, არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა, გარკვეული ღონისძიებები გატარდა მათ შორის "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ და ჩვენი დახმარებით, ეს პრობლემა ნელ-ნელა გადაჭრილი იქნება.

რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. გვიხარია, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ესტუმრა სვანეთს, რაც ყველას გვახარებს. ელექტრომომარაგება არის წესრიგში და პრობლემები არ არის,"- ამბობს ნათია თურნავა. 

2019 წლის ოქტომბერში "ენერგო-პროში" BMG-ის განუცხადეს, რომ უკანასკნელ პერიოდში სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრი ტემპით გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც კრიპტოვალუტების მაინინგია. ენერგო-პროში ამბობენ, რომ მათ 2019 წლის 10 თვეში სვანეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება 8 მილიონი ლარი დაუჯდათ.