მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა FDI-ის მოსაზიდად ეკონომიკური დესპანების საჭიროებას ვერ ხედავს

5fe0b9672de49
ინგა მურუსიძე
21.12.20 19:03
705
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ეკონომიკური ატაშეების ან დიპლომატების ჩართულობის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ  ნათია თურნავამ პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ირაკლი ზარქუას იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ატაშეების/დესპანების ინსტიტუტს და ამ კუთხით მთავრობის გეგმას შეეხებოდა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ატაშეებს, ნამდვილად განიხილებოდა ასეთი შემოთავაზება, რომ თითოეულ საელჩოს ჰყოლოდა თავისი კადრი, რომელსაც დაეკისრებოდა ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია. ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ფოკუსირებული გზით მივდივართ; მაგალითად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არის გამოკვეთილი ფრანტ-ოფისი, მათ ჰყავთ ცალკე გუნდი - invets-in-georgia, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. მათ მოწვეული ჰყავთ საკონსულტაციო ჯგუფები, მაგალითად, ახლა მუშაობენ კომპანია OCO-სთან, ეს არის კომპანია, რომელსაც აფინანსებს USAID და აშშ და აქვს ამოცანა, რომ ევროპასა და აშშ-ში მოიძიოს ინვესტორები ჩვენთვის და ამას პროფესიონალურად გააკეთებს.

გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ლოკაციის კონსულტანტებთან, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ დიდ კომპანიებთან, თუ სად გადაიტანონ ბიზნესები და გახსნან ახალი წარმომადგენლობები. ვფიქრობთ, ეს მიმართულება არსებითად დაფარავს ქვეყნის პრომოუშენს და ინვესტორების მოზიდვას. თუ დამატებით დაგვჭირდება დიპლომატიური სტრუქტურების ჩართვა, ელჩების ჩათვლით, ყველა ჩართული იქნება ამ პროცესში. სტრუქტურულად როგორ იქნება ეს ყველაფერი, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროებას არ ვხედავთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას 2016 წელს 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. დღეს არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში აღარაა. პრემიერი გიორგი გახარიაა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ისევ ნათია თურნავა გახდება და როგორც ჩანს, აქტუალური არც ეკონომიკური ატაშის და არც ეკონომიკურის დესპანის ინსტიტუტია. არადა, როგორც ცნობილია, ჩატარდა კონკურსები და საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი კადრებიც შეარჩია, რომელთაც გარკვეული გადამზადების შემდეგ წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებში მუშაობა უნდა დაეწყოთ. 

თავდაპირველი ინფორმაციით, კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდი ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში უნდა დანიშნულიყო, თუმცა შემდეგ ამ ჩამონათვალს იაპონიაც დაემატა. მიმდინარე წლის დასაწყისში bm.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ოთხ ქვეყანაში ეკონომიკური დესპანები შერჩეული იყო, თუმცა მათ ვინაობას ვერ იტყოდნენ.