მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ფოსტა პრივატიზაციისთვის ისე მზადდება, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს

5e00ae23b541d
ინგა მურუსიძე
23.12.19 16:19
1068
"საქართველოს ფოსტა" პრივატიზაციისთვის იმდაგვარად მზადდება, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე - რა პრობლემებია საწარმოების პრივატიზაციის მიმართულებით, თურნავა პასუხობს, რომ სახელწმიფო საწარმოების პრივატიზაცია ვერ იქნება ისეთი სწრაფი და მარტივი პროცესი, როგორც მაგალითად ქონების პრივატიზაციაა.

„არც ქონების პრივატიზაციაა მარტივი; ჩვენ, დაახლოებით, 6 თვე დაგვჭირდა სანამ ასეთ მასშტაბურ ქონების პრივატიზაციას დავიწყებდით, მაგრამ რაც შეეხება საწარმოების პრივატიზაციას, აქ ძირითადი პრობლემა არის ობიექტური შეფასება ანუ ამ შემთხვევაში ყიდი არა უბრალოდ ქონებას, არამედ ბიზნესს; აქ არის კრედიტორული დავალიანებები, იურიდიული რისკები, რომლებიც უნდა იყოს დადგენილი, ვიდრე ბიზნესს შესთავაზებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს ვერ დაარწმუნებ, რომ საწარმო მიმზიდველია.

ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზომიერად ამ საწარმოებთან დაკავშირებით; არის საწარმოები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის და მათი პრივატიზების საკითხი არ დგას. აქ მივდივართ კორპორატიზაციის გზით, რომ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მიმართულებით. მაგალითად, დაგისახელებთ სახელმწიფო ელექტროსისტემას, აქ პროცესი დაწყებულია აზიის განვითარების ბანკთან ერთად; არის საწარმო, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება პრივატიზება განვიხილოთ და შევთავაზოთ ინვესტორებს იმისთვის, რომ ამუშავდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგალითად აქ განვიხილავთ "საქართველოს ფოსტას". მას იმდაგვარად ვამზადებთ, რომ არ დაზარალდეს საქართველოს მოსახლეობა, რადგან ფოსტა გარდა იმისა რომ ბიზნესია, ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციებსაც ასრულებს. ასევე სხვა საწარმოებიც გვაქვს მზადების პროცესში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.