მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ფოსტის პრივატიზაციის საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით

5f101168a3b37
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 12:34
1118
საქართველოს მთავრობა “ფოსტის” პრივატიზაციაზე მუშაობას მომავალ წელს განაახლებს, ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, არსებობს საერთაშორისო აუდიტის დასკვნა, რომელიც სამინისტრომ კომპანიის საპრივატიზაციოდ მომზადებისთვის ჩაატარა, შპს “საქართველოს ფოსტის” აქტივებს კი სახელმწიფო ინვესტორებს 2021 წელს შესთავაზებს.

“საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია არ იგეგმება, რაც შეეხება ფოსტასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა გეგმა საქართველოს ფოსტის პრივატიზების, დავიწყეთ კიდევაც ამაზე მუშაობა. ჩვენს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო კომპანიამ გააკეთა აუდიტი და მთავარი ამოცანა იყო, რომ იმდაგვარად დაგვეგეგმა ეს პრივატიზაცია, რომ სოციალური საკიტხები ყოფილიყო დაცული. არის მოსახლეობა სოფლად, მაღალ მთაში მცხოვრები და მათ ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს და ეს უნდა ყოფილიყო ვალდებულება ინვესტორისთვის. თუმცა, კოვიდმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო უპრიანია ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდეთ, როდესაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ დროისთვის საჯაროა მხოლოდ ფოსტის 2018 წლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ჯამური შემოსავალი 101.9 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა ზარალი კი 821 ათასი ლარი იყო.

დოკუმენტის თანახმად, “ფოსტის” აქტივების მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 87 მილიონ ლარს შეადგენდა.

“საქართველოს ფოსტის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში იმყოფება. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, კომპანია 82 სერვის ცენტრს მართავს და მასში 3,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

“საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.