მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: Frontera-ს თანამშრომლეთა წინაშე 11 თვის სახელფასო დავალიანება აქვს

5e32956d354e5
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.20 13:13
987
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სა და საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის მიმდინარე დავის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქმე საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ განიხილება, რის გამოც საქართველოს მთავრობა მის შესახებ განცხადებების გაკეთებას ერიდება. ნათია თურნავა ასევე ამბობს, რომ Frontera უპასუხისმგებლოდ იქცევა საკუთარი თანამშრომლების მიმართაც, რადგანაც მას დასაქმებულთა წინაშე 11 თვეზე დიდი სახელფასო დავალიანება აქვს. 

"როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო არბიტრაჟში, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, საქართველოს მხრიდან ამ დავაში ჩართული არის "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სააგენტო. მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან დაკავშირებით. ჩვენი მხარე დიდი მოთმინებითა და პატივისცემით ველოდებით, უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე - "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და სააგენტო საკმაოდ მყარად არიან დარწმუნებულები საკუთარ არგუმენტებში და ამ დავის მოგების საკუთარ შანსებში. ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო პროცესს, ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუციას და ამიტომ თავს ვიკავებთ ხოლმე სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამებისგან, რასაც მე სხვებსაც მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს. პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს, ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა სახის მკვეთრ და ხშირ შემთხვევაში არასწორ განცხადებებს, მანამ, სანამ არ იქნება გამოცხადებული საბოლოო გადაწყვეტილება,  რამეთუ ეს სამართლიანად და ლოგიკურად შეიძლება იყოს აღქმული საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტად. ასევე მინდა ერთი რამ დავამატო "ფრონტერასთან" დაკავშირებით, არ შემიძლია, არ ვთქვა, რადგან ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებასა და დასაქმებულების ინტერესებზე ვზრუნავთ. კომპანია Frontera Georgia-მ ბოლო პერიოდში, მე ვიტყოდი ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალის და იქ დასაქმებული მუშების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით 11 თვის და მეტის დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით. კომპანიამ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ათობით ჩვენი მოქალაქე და ოჯახი,"- ამბობს ნათია თურნავა.

Frontera-სა და საქართველოს შორის მიმდინარე დავის შესახებ:

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სთან საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” Frontera-სგან სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საქართველოში საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას მოითხოვს. თავის მხრივ, Frontera-ც უყენებს სახელმწიფოს მოთხოვნებს. 2018 წლის სექტემბერში კომპანიამ არბიტრაჟში შეიტანა განაცხადი, იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მას $3.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კომპენსაცია გადაუხადოს.

ამ დავაში"ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინტერესებს ბრიტანულ-ამერიკული იურიდიული კომპანია Hogan Lovells International-ი იცავს. კომპანიასთან სერვისის მიწოდებაზე ხელშეკრულება 2017 წლის 6 ნოემბერს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმდა და მისი ჯამური საპროგნოზო ღირებულება $7.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს სახელმწიფოს კომპანიის მიერ იურიდიული მომსახურების მიღებისთვის გაფორმებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია.

BMG-ისთან საუბარში ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ "ფრონტერამ" საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა თავისი სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობის თაობაზე, რომლებიც 3,5 მილიარდი დოლარის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც მოიცავს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის შეფასებით, “ფრონტერას” მოთხოვნები სიმართლეს არ შეეფერებოდა საქმის საარბიტრაჟო განხილვა ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს. GOGC-ში გამოთქვამენ იმედს, რომ საქმეზე განაჩენი 2020 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება.

Frontera საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. 1997 წელსვე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელი მოაწერა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში “XII სალიცენზიო ბლოკზე”.

უფრო კონკრეტულად კი, "ფრონტერას" მოპოვებითი ინფრასტრუქტურა ტარიბანის ველზე, მწარეხევში და სოფელ მირზაანში მდებარეობს (გარე კახეთი). კომპანიას თითოეულ პუნქტში რამდენიმე ჭაბურღილი აქვს განთავსებული. საქართველოს გარდა, კომპანია მოლდოვაშიც საქმიანობს. "ფრონტერა" საქართველოში ორი შპს-ის მეშვეობით შპს „ფრონტერა ისტერნჯორჯიასა” და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”-ს მეშვეობით ოპერირებს.

სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება მოპოვებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ (Profit Sharing Agreement) ჩანაწერს შეიცავს, რაც Frontera-ს სახელმწიფოსადმი პასუხისმგებელს ხდის.

შევარდნაძის დროს "ფრონტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების სახელია - “პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულება” - რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავის დროზე აღნიშნული კომპანიის მერ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც განიხილებოდა. თავად დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ის საჯარო არაა.

დღემდე საქართველოში ბუნებრივი აირისა და ნავთობის ადგილობრივი მოპოვება მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რაც სათანადო მარაგების არარსებობით/ან მათი დღემდე აღმოუჩენლობით არის განპირობებული.

Frontera-მ საქართველოში ყველაზე ხმამაღალი განცხადება 2016 წლის პირველ თებერვალს გააკეთა. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს და რომ საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეეძლო. ამ განცხადებიდან მალევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა, დროის გასვლის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ კომპანიის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტროსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, Frontera-მ საკუთარი “აღმოჩენის” ტექნიკური დასაბუთება არ წარადგინა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2016 წლის პირველი აგვისტოსთვის Frontera-ს საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა $30 მილიონი, რაც შემოსავლის გაყოფის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2016 წლის ივლისში გაირკვა, რომ "ფრონტერამ" ამ გადახდაზე პასუხისმგებელი კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში "ფრონტერასა" და გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის დავა მიმდინარეობდა, თუმცა საჯაროდ აღნიშნული დავის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.

აღნიშნული საჯაროდ მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების გამოქვეყნებით გახდა ცნობილი.

2019 წლის იანვარში Frontera ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. მაშინ Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.

იქამდე კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული.

2016 წლის ანგარიშგებაში კომპანიას $3,116,970-ის შემოსავალი (ნავთობისა და გაზის რეალიზაციის შემოსავალი) და $23,606,430-ის სრული ზარალი ჰქონდა მითითებული. "ფრონტერას" ვებგვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშგება 2018 წლის შუალედური ანგარიშია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში $1,832,407, ხოლო სრული ზარალი კი - $6,978,138-ს შეადგენდა.