მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა იტალიასთან ავიამიმოსვლის შეზღუდვაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

5e625858d03ce
ინგა მურუსიძე
06.03.20 18:07
945
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იტალიაში პირდაპირი ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „ვიზეარს“ და „რაინეარს“ გადაწყვეტილება უკვე ეცნობათ და მათი მხრიდან რაიმე კომპენსაციის მოთხოვნაზე საუბარი არ ყოფილა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ და კომუნიკაცია უკვე შედგა როგორც - „ვიზეართან“, ასევე - „რაინეართან“. რაიმე სახის მოთხოვნა მათი მხრიდან ამ ეტაპზე არ წამოსულა. ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ისეთი, რაც არ არის მსოფლიო პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან იტალია მიჩნეულია მაღალი რისკის მქონე ქვეყანად, აქედან გამომდინარე, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ავიაკომპანიები ამას გაგებით მოეკიდებიან. მინდა დავაზუსტო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირება განხორციელდება. აქ საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აღებული ჰქონდათ ბილეთები ან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაჯავშნილი ჰქონდათ „რაინეარის“ ან „ვიზეარის“ მეშვეობით ჩამოფრენა საქართველოში. მათთვის ჩვენ ალტერნატივას შევიმუშავებთ და შევთავაზებთ მათ“, - განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე -  რა არის ჩადებული ხელშეკრულებაში, ითვალისწინებს თუ არა კომპენსაციის გადახდას, მინისტრმა უპასუხა, რომ „ეს არის ფორსმაჟორი და ხელშეკრულებაში კორონავირუსი ჩადებული არ არის“.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ რაც, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ფრენების შეწყვეტა არ განიხილება, დაახლოებით, ორ საათში მთავრობამ იტალიასთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ „მთავრობაში დისკომუნიკაციის პრობლემა არ არის“.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით უწყებათშორისი საბჭოს რეჟიმში. ვამბობთ ჩვენს არგუმენტებს და კონტრ-არგუმენტებს, ხოლო შემდეგ მიიღება საერთო გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, რომ მენეჯმენტის და ტურიზმის თვალსაზრისით ყველა გამოწვევას გადავლახავთ“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვა მალე მოიხსნება და სულ მალე გახდება შესაძლებელი, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს.