მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ: ჩვენ მედგრად ვდგავართ

5da8232305cc7
დავით ჯალაღონია
17.10.19 12:14
1063
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

როგორც მან ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს შავი პიარის კლასიკური მაგალითია.

„ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, სერიოზულ პასუხს ალბათ, არც კი გავცემდი ამ კითხვას იმიტომ, რომ კლასიკური შავი პიარი და ფეიკ ნიუსი გავრცელდა სრულიად არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით და მე მოგიწოდებთ მედია საშუალებებს, უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად იწვევენ სანდოობას თქვენი რესპონდენტები, ვიდრე ასეთი ტიპის ინფორმაციას გაავრცელებთ და პირველ წყაროსთან გადაამოწმეთ.

მე მაინც მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, ამას გარკვეული მოტივაცია გააჩნია, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ორკესტრირებული შავი პიარი, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში, ვრცელდებოდა სრულიად ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მე ამას ასე ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი ძალიან ბევრ რეფორმას ახორციელებს, ეს რეფორმები იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონს. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე ამდენი ავიაკომპანია გამოჩნდა - Ryan air, Wizz air-ის გაორმაგებული მიმართულებები. შეიძლება, ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა იყო გაყოფილი ორ-სამ კომპანიას შორის.

ვიღაცას, შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ იგივე ენერგეტიკაში, ჩვენი რეფორმების შედეგად მოხდა ბაზრის დერეგულირება, გახსნა და არის მეტი კონკურენცია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, რადგან სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას საპასუხოდ მინდა ვთქვა - არანაირი შავი პიარი, ფეიკ ნიუსი, შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ჩვენ ამ პრინციპებისგან. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ვერ ეღირსებიან, ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევიან, ჩვენ მედგრად ვდგავართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.