26.თებერვალი .2020 15:20

ნათია თურნავა: მთავრობა საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ გეგმავს

views 267
უკან

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ გეგმავს.

ამ განმარტების გაკეთება მინისტრს მას შემდეგ მოუწია, რაც მისმა კოლეგამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020" პრივატიზაციის შესაძლო გეგმების შესახებ, მათ შორის საქართველოს რკინიგზის პრივატიზების შესახებ ისაუბრა.

„რკინიგზასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი შეფასება არის. ფინანსთა მინისტრის მიმართ კითხვა იყო ზოგადად დასმული, თუ რას აპირებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რადან ეფექტურობის გაზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.

პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება. რაზეც იყო სუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ესაა რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს მათ შორის რკინიგზასთან მიმართებაში, რადგან ჩვენი ვალდებულებები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს აღებული და ევროპული მოდელი მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოების, მათ შორის რკინიგზის, ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, როცა ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო სერვისები ცალ-ცალკეა გამოყოფილი და ამაზე იყო საუბარი. გავიმეორებ, არ ვგეგმავთ რკინიზგის პრივატიზებას ამ ეტაპზე“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს რკინიგზა დღეს სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტციო ფონდს "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის.