მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, 2020 წელს კი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას გეგმავს

5e046dfa297a0
BM.GE
26.12.19 12:20
959
კორპორაციის წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აგრეთვე კორპორაციის პასუხისმგებელი პირები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

კორპორაციის გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ J.P. Morgan-მა საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდგომ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვით კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“- მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აგრეთვე აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

გიორგი ბახტაძის განცხადებით, კორპორაციამ სრულად უზრუნველყო თბილისის აღმოსავლეთით მდებარე „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, რომელიც სრულად 2020 წლის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას სტაბილურად მიაწვდის ელექტროენერგიას.

კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.

ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.

2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ. ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა.

პრეზენტაციის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა კორპორაციის მიერ გაწეული საქმიანობა 2019 წელს. მისი თქმით, „კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაც. ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.