მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა რუსულ ავიაკომპანიაზე: ეს ჯერ-ჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას

5da816b63c94f
შოთა ტყეშელაშვილი
17.10.19 11:20
1123
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ჯერ-ჯერობით ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას არ ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების სიხშირე დაუმტკიცდა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია, რის გამოც ის გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს. 

"თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუკი რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

თქვენ რა ფაქტსაც ასახელებთ, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ეს ჯერ-ჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, რადგანაც ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია, აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებთ ამ ეტაპზე რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ისევ ვამბობთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- ამბობს ნათია თურნავა. 

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

დოკუმენტის მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით კვირაში შვიდი რეისის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. როგორც რუსულ მედიას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში განუცხადეს, ნებართვის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ რეისების დაწყება უკვე გადაწყვეტილია. 

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან არის შეწყვეტილი.