მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა თბილისის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტს აკრიტიკებს

5db94fe73cfe8
BM.GE
30.10.19 12:55
3700
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იგი ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი, რაც მკაცრად გაკონტროლდება.  

"თუმცა ჩვენ თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს სანიმუშო. დღეს დავათვალიერე აქაურობა, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც გაისად შევა მწყობრში და ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება. შესაბამისად, აქედან მგზავრობა გახდება უფრო კომფორტული და მიმზიდველი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ამასთან, მინისტრს შენიშვნები ქუთაისის აეროპორტთანაც აქვს. მისი თქმით, დღესაც, არსებულ ვითარებაში, შესაძლებელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკეთესად მოემსახუროს მგზავრებს, მოწესრიგდეს ელემენტარული დეტალები, როგორიცაა რიგები, სანიტარული პირობები, ავეჯის განახლება, რაც შეიძლება ტურისტებს თვალში მოხვდეთ და გარკვეულწილად, ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას არ ეკადრება.

"ჩვენ ვმასპინძლობთ მილიონობით ტურისტს, გავზარდეთ ავიაკომპანიების რიცხვი და პირდაპირი ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებამდე, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაღალი სტანდარტის შესატყვისი და კომფორტული როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ უსფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო პროცესი, რომელიც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მოწესრიგებას გულისხმობს.