03.სექტემბერი .2020 13:00

ნათია თურნავა: უჩა მამაცაშვილს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან კავშირი არ აქვს

views 334
უკან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან. ნათია თურნავამ ამ განცხადებით დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს უპასუხა, რომლის თქმითაც, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლობით არის დაკავებული.

ნათია თურანავს განცხადებით, დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა და ის მიზნად, როგორც თავად უჩა მამაცაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტალახის სროლას ისახავს მიზნად. თურნავა ამბობს, რომ ამ განცხადების ავტორები "თავად ამოითხვრებიან ტალახში."

"ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ სამარცხვინოც არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც პარლამენტში მოსულები არიან “ქართული ოცნების” მაღალი რეიტინგის წყალობით და დღეს დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ პოლიტიკაში, ესვრიან ტალახს “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს. ესეც აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ამ ჟღერადი სახელების და გვარების (იგულისხმება უჩა მამაცაშვილი) დასახელება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საკუთარი სახელი გააცნონ საზოგადოებას.

რაც შეეხება თავად საკითხს, ჩვენ განსხვავებით იმ ვითარებისა, როდესაც ეს იყო 2012 წლამდე, როდესაც 90% ჩვენი ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და ვიყავით ძალიან დამოკიდებული რუსეთზე და “ინტერ რაოზე”, ჩვენი ენერგეტიკული რეფორმის წყალობით, ჩვენ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება. არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ არის დომინანტი და ჩვენ გვაქვს არჩევანი. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კი ასრულებს ალტერნატივის როლს განსაკუთრებით რუსეთიდან იმპორტის მიმართ. იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირედება.

რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის დასახელებას ამასთან მიმართებით, არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებს, ვინც მის სახელს ამგვარად აჟღერებს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. არანაირი დოკუმენტალური დასაბუთება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი კავშირშია ენერგეტიკასთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით არ გააჩნია. მსგავსი განცხადებების გაკეთება არის სამარცხვრინო და უღირსი საქციები და ტალახის სროლას წარმოადგენს. თავად ამოითხვრებიან ამ ტალახში,"- განახადა ეკონომიკის მინისტრმა. 

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილთან კავშირში მყოფი კომპანია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის შუამავლობით არის დაკავებული. გოგიჩაიშვილის განცხადებით, საშუამავლო სერვისის მიწოდებაში მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. 

"შესყიდვის დროს კომპანია „ელ-გრინი“, რომელსაც წარმოადგენენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი დამფუძნებლები, არის ელექტრონერგიის შემსყიდველი და ჩვენს მოქალაქეს საბოლო ჯამში ელექტროენერგია უძვირდება. ამ სისტემური კორუფციის სქემის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის ნებით დაშვებული პროცესი, დგას უჩა მამაცაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ხარჯზე ხელს ითბობენ და სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ეს შესყიდვა ზედმეტ 9 მილიონ დოლარად უჯდება. ამიტომ ჩვენი ფრაქცია აყენებს საკითხს, იურიდიული და ეკონომიკური კომიტეტების მიმართ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს მოკვლევა, დავიბაროთ ეკონომიკის მინისტრი, ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია და ყველა ის ადამიანი, ვინც არის ასეთი დონის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და მოვიკითხოთ, რატომ ვიხდით ყოველწლიურად ზედმეტ 9 მილიონ დოლარს და ვუხდით ისეთ კომპანიას, რომლის გარეშე სახელმწიფო და მოქალაქეები შეძლებდნენ ამ თანხის დაზოგვას. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის კორუფციული სისტემა,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა