მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: Wizz Air-ი არ გადის საქართველოდან

5efc4815351dd
თელარა გელანტია
01.07.20 12:22
2486
„Wizz Air-ი არ გადის საქართველოდან, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, Wizz Air-ი რჩება თავისი მომხმარებლის, ჩვენი მოქალაქეების ერთგული“, - ეს განცხადება დღეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

„ვიზეარი“ არსად არ გადის, ძალიან კომფორტუილად გრძნობს თავს საქართველოში, 2012 წელს შემოვიდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი და კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე მიმართულება",  - აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს პირადად ესაუბრა.

"ახლახან მქონდა საუბარი კომპანიასთან და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, „ვიზეარი“ ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით ჩვენი ხელშეწყობით, ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს, შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას დროებით აუქმებს.

„ფრენები (ალბათ) მაინც იქნება (ოდესმე) მაგრამ ეს ძალიან ცუდი ამბავია, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის გადაწყვეტილებამ ჩავიკეტოთ და არ განვაახლოთ ფრენები იმ ქვეყნებთანაც კი, სადაც ძალიან კარგი ეპიდსიტუაციაა“, - წერს გიორგი კანდელაკი facebook-ის პირად გვერდზე.

ავიაომპანია Wizz Air საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.