10.მაისი .2020 13:30

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვიდნენ

views 2194
უკან

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “Forbes-ის კვირის” ეთერში ისაუბრა იმ ეტაპების შესახებ, რომლითაც ქვეყანაში ტურისტული სექტორის გახსნა არის დაგეგმილი. მინისტრის თქმით, პანდემიურ ვითარებაში, ტურიზმის მარკეტინგისთვის მთავარი აქცენტი მაღალ უსაფრთხოებაზე გაკეთდება.

ამასთან, მინისტრის თქმით, სექტემბერში თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მინისტერიალიც ჩატარდება, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი მოლაპარაკება შედგა.

“ჩვენ უკვე ვხსნით ტურისტულ ბაზარს და ყველაფერს გავაკეთებთ რათა პირველი საერთაშორისო ტურისტები უკვე ივლისში ჩვენთან შემოვიდნენ. ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ჩართვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ბატონ ზურაბ პოლოლოკაშვილთან. ისინი აბსოლუტურად იზიარებენ იმ ოპტიმიზმს, რა ოპტიმიზმსაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უკვე პირველ ივლისს შევძლებთ რომ ტურისტებისთვის გავხსნათ საზღვრები. იმასაც იზიარებენ, რომ საქართველომ შეიძინა კორონავირუსთან ბრძოლის დროს უნიკალური გამოცდილება ჩვენმა ინდუსტრიამ კარანტინების მართვასთან დაკავშირებით. თუ როგორ უნდა დაიცვან ობიექტებმა სტანდარტები და როგორ უნდა გავხდეთ უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ამას მოყვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან დასტური და უკვე სექტემბერში საქართველოში ძალიან დიდი ალბათობით ჩატარდება ამ ორგანიზაციის მინისტერიალი, ეს ნიშნავს, რომ ათობით სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ჩამოვა საქართველოში, რათა იმსჯელოს გლობალური ტურიზმის ხვალიდნელ დღეზე.

ტურიზმი სოციალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც 150,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული და არაფორმალურ სექტორსაც თუ ჩავთვლით, მაშინ მათი რაოდნეობა, ვისი შემოსავალიც ტურიზმზე არის დამოკიდებული, გაცილებით მეტი გამოვა,”- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნა არის დაგეგმილი. 

ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათების პაკეტი კი ასე გამოიყურება:

1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
5. კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
11. ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
12. გიდების მხარდაჭერის პროგრამა.

ჯამურად პროგრამის მოცულობა 200 მილიონი ლარია.

ნათია თურნავა Forbes-ის კვირაში:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა