16.აგვისტო .2019 18:14

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რამაც განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას

views 124
უკან

იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმერეთის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობისგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნიათ. ნათია თურნავამ მათ დეტალურად გააცნო ის გეგმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის. ასეთ მიმართულებებს შორის ეკონომიკის მინისტრმა, პირველ რიგში, დაასახელა გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, მხოლოდ იმერეთის რეგიონში წელს ხუთი ათასზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიკეთე, რომელმაც ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას თქვენთვის. გაზიფიცირების გარდა, საუბარია მაღალსიჩქარიან, ოპტოკურ-ბოჭკოვან ინტერნეტიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მთელი საქართველო და, ცხადია, იმერეთის რეგიონიც. სექტემბერში ასევე ვაცხადებთ მიკროგრანტების პროგრამას, რომელიც გაძლევთ რეალურ შანსს, თქვენი იდეა აქციოთ ბიზნესად ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი" - განაცხადა ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.


მინისტრის შეფასებით, იმერეთის რეგიონს აქვს კარგი პოტენციალი, განვითარდეს აგროტურიზმი და შეიქმნას საოჯახო სასტუმროები. „თუ აირჩევთ საქმიანობის ამ სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგეხმარებათ ინფორმაციის სათანადოდ განთავსებასა და მარკეტინგში" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა