მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს პარლამენტში დახურულ ფორმატში მოუსმენენ

5ecb74210523c
ინგა მურუსიძე
25.05.20 11:34
864
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გეგმავს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრები პარლამენტში, დახურულ შეხვედრაზე მიიწვიოს და მოსმენა გამართოს.

როგორც კაკულიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვინაიდან შეხვედრა დახურული იქნება და არა - საკომიტეტო, ის პირადად შეარჩევს შეხვედრის მონაწილეებს და ინდივიდუალურად მიმართავს მათ.

„ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. დაველოდები ამას და შემდეგ ვგეგმავ სწორედ კომიტეტის ფორმატში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება საკომიტეტო შეხვედრა, ეს იქნება შეხვედრა კომიტეტში, დახურული. მე მივმართავ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ვისაც საქმიანი მსჯელობის სურვილი აქვს და შევეცდები პრემიერის გამოსვლის შემდეგ უზრუნველვყო ასეთი შეხვედრის მოწყობა პარლამენტში. არ მინდა დეტალებში ვისაუბრო საკომიტეტო მოსმენებს ვინ რა მიზნით იყენებს. ინდივიდუალურად მექნება კონსულტაცია ყველასთან. ალბათ ეკონომიკის მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ. ვფიქრობ, დროა ასეთი შეხვედრა გაიმართოს“, - განაცხადა კაკულია.

ის ფიქრობს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრა, სავარაუდოდ, კომიტეტშის ფორმატშიც უნდა გაიმართოს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო საქმიანი და შინაარსიანი იქნება, რომ პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგეს.

„ვინაიდან იგეგმება შეხვედრა კომიტეტში და არა საკომიტეტო, ვიტოვებ უფლებას, პირველი შეხვედრისთვის ინდივიდუალურად შევარჩიო ადამიანები, ვისაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში აქვს კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის. მე შეთავაზებას ინდივიდუალურად გავაკეთებ ყველასთვის“, - განაცხადა კაკულიამ.

ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 27 მაისს ელოდებიან.