მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორს კერძო სექტორში გადასვლა სურს

5dee20f47c6ed
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 14:34
836
დღეს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. სურგულაძის თქმით, მან შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს და 2020 წლის იანვრიდან პოსტის დატოვებას გეგმავს. 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. მინისტრის განცხადებით, როგორც სურგულაძემ განმარტა, ის საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელებას გეგმავს.

"მან განმარტა თავისი გადაწყვეტილება, რომ ეს მისი პირადი გეგმები არის. ადამიანები თავისუფლები არიან, რომ რაღაც პერიოდში შეეცვალოთ გეგმები, მე როგორც ვიცი, მას სურვილი აქვს კერძო სექტორში გადასვლის. შემიძლია კვლავაც ვთქვა, რომ ძალიან წარმატებულია ჩვენი საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი რაც ჩვენ გავაკეთეთ და სწორედ ეს წარმატება მათ შორის ბატონი ლევან სურგულაძის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელობით საპენსიო ფონდი ამოქმედდა და გაძლიერდა,"- ამბობს ნათია თურნავა. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 943,113 ადამიანის მიერ დაგროვილი 461 მილიონი ლარია განთავსებული. სისტემაში სულ 60,000 კომპანია არის გაწევრიანებული. 

ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, სქემა 163,000-მა ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად გაწევრიანდა ყველა, ვინც ხელფასს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე იღებს. საპენსიო სააგენტოში ყოველთვიურად ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2% მოქალაქის საშემოსავლო გადასახდს წარმოადგენს, 2%-2% კი დასაქმებული და დამსაქმებელი რიცხავენ. სისტემის დატოვების უფლება მხოლოდ 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა ვალდებულებას წარმოადგენს.