ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანეს, თან ისევ მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. ის მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა.
რა გახდა საკადრო გადაადგილების მიზეზი უცნობია. Bm.ge-ის მცდელობის მიუხედავად, თურნავას უწყების პრეს-სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.
ცნობისთვის:2018 წლიდან დღემდე აკაკი საღირაშვილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ამჟამად ნათია თურნავას 5 მოადგილე ჰყავს.