21.ნოემბერი .2020 12:24

ნათია თურნავას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედი აქვს

views 249
უკან

„მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა - შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

მინისტრის თქმით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა