მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას პანდემია ცუდად დაემთხვა, მაგრამ უდავოდ გამოცდილი მინისტრი გვყავდა – ჭყონია

6203d568d56f2
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.22 19:10
1047
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას საქმიანობას აფასებს და BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნათია თურნავა კარგი, კომუნიკაბელური ეკონომიკის მინისტრი იყო.

თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ეკონომიკის სამინისტროს კი ის რესურსი არ გააჩნია, რა მოთხოვნაც მის მიმართ არსებობს. თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია იყო, რადგან ამის გარეშე საქართველოში კარგ შედეგებს ვერ მივიღებთ.

„ნათია თურნავას დიდი ხანია ვიცნობ. ის სულ ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობდა და ძალიან განათლებული ეკონომისტია. შეიძლება ნათია თურნავას კარიერის პერიოდს პანდემია ცუდად დაემთხვა, მაგრამ საბედნიეროა ჩვენთვის, რომ უდაოდ გამოცდილი მინისტრი გვყავდა. რაღაც მომენტებში მინისტრი შეიძლება მეტი კრიტიკის ქვეშ მოექცეს და ამ დროს შეფასება გაორებული ხდება. 

ბიზნესიდან გამომდინარე მასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. მას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბიზნესთან. ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული მოცემულობის გამო ნათიას როლი ნათლად არ ჩანს, თუმცა რეალურად ურთულესი სამინისტროა ეკონომიკის სამინისტრო და მის მიმართ მეტი მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს, ვიდრე შესაძლებლობა აქვს სამინისტროს.

მას ბევრი რეორგანიზაცია, რადიკალური გარდაქმნები, უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება, ვიდრე ჰქონდა. შესაძლოა, ეს გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელიც გვაქვს...რადიკალურ ცვლილებებს ხშირად ერიდებიან. მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანაში გვინდა, დიდ შედეგს მივაღწიოთ, არასტანდარტული გადაწყვეტილებები უფრო გაბედულად უნდა მიიღონ...თორე დანარჩენი ის პერიოდი, რაც ნათიამ განვლო ჩემი გადასახედიდან, დადებითად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე - როგორ აფასებს ყოფილი მინისტრის პერიოდში არსებულ საინვესტიციო გარემოს?– ბიზნესმენს მაგალითად „ნამახვანჰესის“ ჩავარდნილი პროექტი მოჰყავს და ამბობს, რომ ეს არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ რადიკალურად განწყობილი, აგრესიული მოსახლეობის ბრალი იყო, რამაც მთლიანობაში საინვესტიციო გარემო დააზიანა.

„მაგალითად რომ განვიხილოთ „ნამახვანჰესის“ პროექტი, ეს არ არის ეკონომიკის სამინისტროს ან სახელმწიფოს ბრალი, ეს არის იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც პროექტის შეჩერებას აგრესიული გამოსვლებით ითხოვდნენ. ეს არ არის დამოკიდებული მინისტრის გადაწყვეტილებაზე. ინვესტიციების შეჩერება ზუსტად ასეთი რადიკალიზმით ხდება. როდესაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება რაღაც ცვლილებებს, ეს ძალიან ცუდია. ეს უფრო აფრთხობს ინვესტორს, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკების შედეგად შეიძლება დადებითად გადაწყდეს.

მეორე ის არის, რომ საინვესტიციო გარემო მთელს მსოფლიოში შეცვლილია, ვის სცალია ინვესტიციებისთვის, როდესაც ხალხი პანდემიას ებრძვის და გადარჩენას ცდილობს?! 2022-2023 წლები ახალი მინისტრის პერიოდში უკეთესი პერიოდი იქნება, ამ დროს უკეთესი საინვესტიციო გარემო შეიქმნება და სიტუაციაც შეიცვლება“, - განაცხადა ჭყონიამ.