მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-მ და EU-მ თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

63bd6e57029eb
მარიამ ვარადაშვილი
10.01.23 18:10
513
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაცია უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

“ევროკავშირსა და NATO-ს შორის პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს. ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და ჩვენი დაყოფა უნდოდა. ნათელია, რომ ორივე ნაწილში შეცდა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ერთობლივ ბრიფინგზე.

ეს NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის რიგით მესამე დეკლარაციაა 2016 და 2018 წლებში ხელმოწერილი დოკუმენტების შემდეგ.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან. ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამ დააჩქარა, რის გამოც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში რისკი გაიზარდა. ამან კი შვედეთსა და ფინეთს NATO-ში გაწევრიანება გადააწყვეტინა.

რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, NATO და ევროკავშირი მეტად შეათანხმებენ ქმედებებს.

“დღეს ევროატლანტიკური უსაფრთხოება ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. უკრაინაში რუსეთის ბრუტალური ომი საერთაშორისო სამართალსა და გაეროს პრინციპებს ძირს უთხრის ”, - წერია ერთობლივ დეკლარაციაში.