მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობი, გაზი და მოლოდინები - საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

63981f05b700e
გიორგი თოლორდავა
13.12.22 10:45
612
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე შედარებით ნეიტრალური ტენდენციით დაიწყო, ნავთობის ფასები საშუალოდ 1%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 79 დოლარს შეადგენს, WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, რომელზეც გასულ კვირას "დიდმა შვიდეულმა" და ევროკავშირმა სანქციების ახალი მექანიზმი დააწესეს, ამჟამად ის 54-55 დოლარად ივაჭრება. საგულისხმოა, რომ ერთთვიან ჭრილში Urals-ის ფასი თითქმის 30%-ითაა შემცირებული, რაც სწორედ ემბარგოთი და ფასის ლიმიტითაა განპირობებული.

ცივი ზამთრისა და რუსული Gazprom-ის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 137-დოლარიან ნიშნულზეა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 17%-ითაა მეტი.

ბუნებრივი აირის ფასების დასტაბილურება სტრატეგიული რეზერვების შევსებით, LNG ტერმინალების მოწყობითა და ალტერნატიული მიმწოდებლების გამოჩენითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა გლობალური საფონდო და ენერგეტიკული ბირჟებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან მსოფლიოს წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ტრეიდერებისა და ინვესტორების განწყობა კი თითქმის სრულად იქნება განპირობებული ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებით.