მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობიმპორტიორებს კონტრაბანდული დიზელის იმპორტის ეჭვი აქვთ - სექტორი მთავრობას მიმართავს

5daf26ebafeeb
BM.GE
22.10.19 20:20
980
ნავთობიმპორტიორთა  კავშირის ინფორმაციით, დიზელის იმპორტი ბოლო ცხრა თვეში 8%-ით შემცირდა. ამის მიზეზად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა აზერბაიჯანიდან, ირანიდან და რუსეთიდან შემოსული აღურიცხავი საწვავი დაასახელა, რომელიც ქართულ ბაზარზე არაოფიციალურად იყიდება.

„ყველა ინდიკატორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს, არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. ეს გვაქვს ერთი მოცემულობა და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ლოგიკურად ისმის კითხვა - მაშინ რამ გამოიწვია დიზელის იმპორტის კლება?! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გახლავთ ის, რომ საქართველოში, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება აღურიცხავი პროდუქციის შემოდინება, კერძოდ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიიდან. საუბარია, ძალიან დიდ მოცულობებზე. შემოაქვთ პროდუქტი და შემდგომ აქ ადგილზე აბარებენ", - განაცხადა მთვრალაშვილმა

კონტროლის გამკაცრების რეკომენდაციით ნავთობიმპორტიორები სხვადასხვა სამთავრობო უწყებას წერილობით მიმართავენ. ვანო მთვრალაშვილი მთავრობას თურქეთის მაგალითის გაზიარებას ურჩევს.

„ჩვენ შესაბამის სამსახურებს თურქეთის ანალოგს შევთავაზებთ. თურქეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებს შეზღუდვა. კერძოდ, დიზელის საწვავის 300-დან - 500 ლიტრზე მეტის შეტანა აკრძალულია. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო აკისრებს გადასახადს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა, არის სწორი და ამ გამოცდილების გაზიარება შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა bm.ge-ისთან საუბარში. 

ცნობისთვის: იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 779,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 35,0 ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა). საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა.