19.თებერვალი .2021 09:40

ნავთობის ბაზარზე მოლოდინები გაუარესდა

ნავთობის ბაზარზე მოლოდინები გაუარესდა
views 732
უკან

წინა თვის მსგავსად, თებერვალშიც ნავთობის ბაზრის მოლოდინები ოდნავ გაუარესდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, იანვარში, წინა თვის პროგნოზთან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იყო. თებერვალში მოლოდინები კვლავ გაუარესდა და მიმდინარე წელს საშუალო დღიური მოხმარება 97.7 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც იანვრის პროგნოზზე 0.1 მლნ ბარელით ნაკლებია. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. მიუხედავად იმუნიზაციის პროცესის დაწყებისა, რიგ ქვეყნებში შეზღუდვის ზომები გაფართოვდა, რაც მობილობის შემცირებაში აისახა. ნავთობზე მოთხოვნის შემცირება კი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონზე უარყოფითად აისახება, რადგან რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკები ნავთობექსპორტიორი ქვეყნებია. მათთან კი საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. პირველ რიგში, ასეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები - რუსეთი და აზერბაიჯანია. რეგიონის ეკონომიკებს ნავთობის შოკი სწორედ საგარეო ვაჭრობის არხიდან გადაეცემა, რადგან მათ შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლა მჭიდროდ მიმდინარეობს.
 
ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, იანვარში გლობალურად ნავთობის დღიურმა მოხმარებამ საშუალოდ 93.9 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8 მლნ ბარელით ნაკლებია. გლობალურად, 2020 წელს საწვავის დღიური საშუალო მოხმარება 92.2 მლნ ბარელი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.9%-იანი კლებაა. აპრილში დღიური მოხმარება 80.6 მლნ ბარელამდე დაეცა, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი კი ბოლო ოცწლიანი პერიოდის მინიმუმზე. 2020 წლის აპრილში ნედლი ნავთობის საშუალო ღირებულება 18.4 დოლარს შეადგენდა, რაც უკვე მაისიდან გაზრდილი მოთხოვნის და ნავთობკარტელის მიერ მოპოვების შემცირების შედეგად გაიზარდა. თებერვლის შუა პერიოდში განახლებული პროგნოზების მიხედვით, მყისიერი ვარდნის შემდეგ საწვავის მოხმარება პანდემიამდე არსებულ დონეს შეიძლება მომდევნო წლის ბოლოს დაუბრუნდეს. 2022 წელს საშუალო დღიური მოხმარების 101.2 მლნ ბარელამდე ზრდაა ნავარაუდევი, რაც იანვრის პროგნოზთან შედარებით 0.1 მლნ ბარელით მეტია. ამავე პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასების საშუალო ნიშნული კი ბარელზე 55.2 დოლარითაა პროგნოზირებული. მიმდინარე წელს კი საშუალო ფასი 53.2 დოლარია, რაც წინა პროგნოზთან შედარებით ნახევარი დოლარითაა გაზრდილი. თუმცა, გლობალური გაურკვევლობა და ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაციის წევრებსა და სხვა ნავთობექსპორტიორებს შორის ნავთობის მოპოვების მოცულობაზე შეუთანხმებლობის რისკები ფასებზე მორგი დარტყმის ალბათობას ზრდის.

იმუნიზაციის პროცესის პარალელურად მოთხოვნის კუთხით არსებული რისკები მცირდება, მაგრამ რუსეთი და ყაზახეთი თებერვალ-მარტში მოპოვების გაზრდას აპირებენ, ხოლო ამ ფონზე საუდის არაბეთის ნებაყოფლობითი, ცალმხრივი დაპირებაა, ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისში არაბეთმა ყოველდღიურად 1.0 მლნ ბარელის ოდენობით ნავთობის მოპოვების შემცირება დაანონსა, რაც იანვრის ფასზე აისახა. დეკემბერთან შედარებით ბრენტის ტიპის ნავთობზე საშუალო ფასი 4.8 დოლარით იყო გაზრდილი.

ამდენად, რეგიონის ეკონომიკაზე ნავთობიდან შოკი კვლავ მოსალოდნელია, რაც პირველ რიგში ევროპის რიგ ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრებას და კარტელური გარიგებების ნაწილს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის უმსხვილესი ნავთობექსპორტიორების საექსპორტო ეკონომიკა ევროპაა, სადაც შეზღუდვები კვლავ გამკაცრებულია. შეზღუდვების შედეგად შემცირებული მობილობა კი რეგიონის ქვეყნებიდან ნავთობის მოთხოვნის შემცირებაზე აისახება. პანდემიამდე არსებულ ნიშნულებზე დაბრუნება წლის მეორე ნახევრიდანაა პროგნოზირებული, როცა საშუალო დღიური მოხმარება 13.4 მლნ ბარელითაა მოსალოდნელი, რაც იანვრის პროგნოზთან შედარებით 0.7 მლნ ბარელით ნაკლებია. შესაბამისად, გასულ წლის ბოლოსთან შედარებით, 2021 -ს პირველ ნახევარში რეგიონის ეკონომიკებისთვის ნავთობის კუთხით მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა