მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

5dc9744912475
ლევან თაღიაშვილი
11.11.19 19:40
849
ნავთობის ბირჟებზე დიდი რყევები გასულ კვირას არ ყოფილა. 7 დღის განმავლობაში ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა თითქმის 1.5 დოლარით მოიმატა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამინდელი ფასი ნიუ-იორკში 57 დოლარი და 24 ცენტია.

ტრენდი იგივე იყო ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება. აქ მატება 1 კვირის ჭრილში მხოლოდ 30 ცენტია. ლონდონში ამჟამად ბარელი ნავთობის ღირებულება 62.5 დოლარია.

რაც შეეხება სიახლეებს საერთაშორისო ბაზრებზე, მთავარი ყურადღება კვლავ სავაჭრო ომის გარშემოა გამახვილებული, ბოლო მონაცემებით, ორი ქვეყანა მომდევნო შეთანხმებას დეკემბერში დადებს. გარდა ამისა, საუდი არამკომ, უმსხვილესმა არაბულმა კომპანიამ, ჩინელ იმპორტიორებთან დამატებითი შეთანხმება დადო და აზიის მიმართულებით უფრო მეტ ნავთობს გაიტანს. გარდა ამისა, Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოპეკი უფრო მეტად აღარ შეამცირებს მოპოვებას და ვენაში მომდევნო შეხვედრისას ეს საკითხი არ განიხილება.

რაც შეეხება საქართველოს, უკვე 3-4 კვირაა საწვავის ფასი არც ერთ ნავთობკომპანიაში არ იცვლება. Oilnews-ის ინფორმაციით, ყველაზე იაფად საწვავის შეძენა კვლავ „ლუკოილში“ შეგიძლიათ. პრემიუმის ტიპის ბენზინი 2 ლარი და 59 თეთრი ღირს, იქვეა რეგულარიც, რომლის ღირებულებაც 2 ლარი და 45 თეთრია.