მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

5dee02e8db6d5
ლევან თაღიაშვილი
09.12.19 13:10
1864
ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 კვირის ჭრილში გაზრდილია, ის დაახლოებით 2 კვირის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და გაუსწრო კიდეც. Bloomberg-ის ინფორმაციით, 1 ბარელი ნავთობის შეძენა 59 დოლარი და 20 ცენტი დაგიჯდებათ.

ტრენდი განმეორდა ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება. მატება 1 კვირაში დაახლოებით, 4.5 დოლარი იყო და ახლა მისი ღირებულება 64 დოლარი და 39 ცენტია.

რაც შეეხება სიახლეებს, გასულ კვირას ავსტრიაში შეხვედრის შემდეგ, OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა დღეში 500 000 ბარელით შეამცირეს ნავთობის მოპოვება. მათი თქმით, არსებული მდგომარეობა მანამდე შენარჩუნდება, სანამ ნავთობის ფასს ხელოვნური „დაცვა“ აღარ დასჭირდება.

გარდა ამისა, Oilprice.com-ის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1973 წლის შემდეგ პირველად ნავთობის იმპორტ/ექსპორტის ბალანსის მაჩვენებელი პოზიტივში ასახა და 89 ათასი ბარელი ნავთობი გაიტანა ექსპორტზე, არადა დაახლოებით 10 წლის წინ დღეში 10 მილიონი ბარელის იმპორტი ხდებოდა ქვეყანაში.

გასულ კვირას, Saudi Aramco-მ, საუდის არაბეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ IPO განახორციელა, რის შემდეგაც თითო აქციის ფასი 8.5 დოლარად შეფასდა და კომპანიის ღირებულებამ 1.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ამჟამად აქციების მხოლოდ 1.5%-ია ათვისებული, რისი ღირებულებაც 25 მილიარდი დოლარია. 

რაც შეეხება საქართველოს, უკვე რამდენიმე თვეა არც ერთ ნავთობკომპანიაში ბენზინის ფასი არ შეცვლილა.

ყველაზე იაფად პრემიუმის ტიპის საწვავის შეძენა „ლუკოილში“ შეგიძლიათ, იქვეა ყველაზე იაფი რეგულარიც. ყველაზე მაღალი ფასი კი „ვისოლსა“ და „რომპეტროლს“ აქვთ პრემიუმის ტიპის საწვავზე.