მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება – მიზეზი საუდის არაბეთის გადაწყვეტილებაა

647d95e2d58a8
გიორგი თოლორდავა
05.06.23 12:25
1109
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, დასავლეთის მასშტაბით ნავთობის ფასი ერთ დღეში საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ბარელი Brent-ის ღირებულება 77 დოლარს შეადგენს, WTI-ს ფასი კი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

2.5%-ითაა გაზრდილი რუსული ნავთობის ღირებულებაც და ბარელი Urals-ის ფასი ბირჟაზე დაახლოებით 57 დოლარს აღწევს.

ნავთობის გაძვირების პარალელურად, მკვეთრად იმატებს ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროპის მასშტაბით გაზი საშუალოდ 3%-ითაა გაძვირებული და მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება ამჟამად 24 დოლარს აღწევს.

ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირებას აანონსებს.

ივლისიდან ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც საუდის არაბეთის საერთო დღიურ წარმოებას 9 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ OPEC-მა ნავთობის წარმოების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საუდის არაბეთმა მიწოდება დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეამცირა.

საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ნავთობის მიწოდება გონივრულ ნიშნულს დაუბრუნოს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლის ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირებით და რუსეთზე დაწესებული სანქციებით იყო განპირობებული.