18.მაისი .2020 13:00

ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვის მაქსიმუმზეა
views 969
უკან

13 აპრილის შემდეგ პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 33 დოლარს გადააჭარბა. 30 დოლარს გადააჭარბა ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის ფასმაც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი - 3%-ით, ხოლო WTI-ის მარკის ნავთობზე 2,3%-ით გაიზარდა.

ნავთობზე ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული; მათ შორის OPEC-ის და რუსეთის ახალი შეთანხმებით, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევიდა და ნავთობის მოპოვების უპრეცედენტო შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაც, რომლის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ამკრძალავი ზომების შემსუბუქებასთან ერთად საერთაშორისო მოთხოვნა დღეში 700 ათასი ბარელით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად დაეცა, რის შედეგადაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა. ფასების კლების ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდა მარტში, როდესაც საუდის არაბეთი და რუსეთი მოპოვების შემცირების ტემპებზე ვერ შეთანხმდნენ.

შედეგად, მარტის ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 22 დოლარს ჩამოცდა, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში 66 დოლარს აღემატებოდა. წინა წელთან შედარებით ოთხჯერ გაიაფდა ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობიც და საშუალო ფასმა 18 დოლარი შეადგინა.

საბოლოდ, "ნავთობის ომი" 12 აპრილს OPEC-ისა და რუსეთის ახალი შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ექსპორტიორი ქვეყნები მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა