10.აგვისტო .2022 22:30

ნავთობის ფასის ომამდე ნიშნულზე დაბრუნება ნოემბერშია მოსალოდნელი

ნავთობის ფასის ომამდე ნიშნულზე დაბრუნება ნოემბერშია მოსალოდნელი
views 4053
უკან

ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილება მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირი. ამგვარმა გარემოებამ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100.0 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130.0 დოლარსაც აღწევდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფასები შედარებით შემცირებულია.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ აგვისტოში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 104.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით უცვლელია. თუმცა, უფრო ადრეულ პერიოდთან შედარებით პროგნოზები შემცირებულია, რაც ნავთობის მარაგების ზრდის მოლოდინის შედეგი იყო. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მარაგების ზრდა მოსალოდნელი, რომელიც 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. თავად ზრდა კი მოთხოვნის მხრიდან შემცირებას და ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირის მიერ კიდევ ერთხელ მოპოვების გაუმჯობესების დადასტურებას უკავშირდება. მაღალი ინფლაციის გამო ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიულ რისკებს ზრდის, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა. ეს კი ფასებზე კლების კუთხით აისახება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

ივლისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 111.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის ფასს ბარელზე 10.8 აშშ დოლარით ჩამორჩება. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით ივლისში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 3.9 დოლარით მეტი იყო. ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ბარელზე ფასი საშუალოდ 108.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. თავად ივლისის საპროგნოზო მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით შემცირებული იყო. ივნისში კი შედარებით მაღალი ფასები ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების დაანონსებას და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდებოდა.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50.3%-ით მეტია. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 37.4 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის ივლისში ნავთობის საშუალო ფასი 74.5 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის ივნისში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 70.8 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 122.7 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, ივნისში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა შედარებით მეტი, 73.4% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის უფრო მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მესამე კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 106.0 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მესამე კვარტალი საშუალოდ 104.3 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100.0-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, მიმდინარე წლის ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და პროგნოზები გართულებული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 98.8 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.8 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო ივნისის საშუალო დღიურ მოხმარებაზეც 0.5 ბარელით ნაკლებია. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 0.9 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6.7 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის ივლისში საშუალო დღიური მოხმარება 92.2 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის აგვისტოსთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 99.5 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.3 მლნ ბარელით ნაკლებია. კვარტალურ ჭრილშიც კლებაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.4 მლნ ბარელით ნაკლები, 99.6 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 1.2 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 7.3 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.63 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.05 მლნ ბარელით ნაკლებია. წლის მეოთხე კვარტალშიც აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.63 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.59 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დღიური წარმოება 11.0 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.08 მლნ ბარელით აღემატება. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. თუმცა, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა