მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასის ომამდე ნიშნულზე დაბრუნება წლის ბოლოს არის მოსალოდნელი - პროგნოზი

62cec675e6cc0
ეგნატე შამუგია
14.07.22 10:29
1808
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილება მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირი. ამგვარმა გარემოებამ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130 დოლარსაც აღწევდა.

სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ ივლისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 108.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით, მიმდინარე პროგნოზით ივლისში მოსალოდნელი საშუალო ფასი 6.0 აშშ დოლარით ნაკლებია. შემცირებული საპროგნოზო ფასი შედეგია ნავთობის მარაგების ზრდის მოლოდინის. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მარაგების ზრდა მოსალოდნელი, რომელიც 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. თავად ზრდა კი მოთხოვნის მხრიდან შემცირებას და ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირის მიერ კიდევ ერთხელ მოპოვების გაუმჯობესების დადასტურებას უკავშირდება. მაღალი ინფლაციის გამო ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიულ რისკებს ზრდის, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა. ეს კი ფასებზე კლების კუთხით აისახება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

ივნისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 122.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მაისის ფასს ბარელზე 9.3 აშშ დოლარით აღემატება. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით ივნისში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 4.7 დოლარით მეტი შეადგინა. ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ბარელზე ფასი საშუალოდ 118.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. ივნისში, წინა პერიოდთან შედარებით, მაღალი ფასები ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების დაანონსებას და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67.7%-ით მეტია. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 49.6 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის ივნისში ნავთობის საშუალო ფასი 73.2 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის მაისში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 68.5 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 113.4 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, მაისში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა შედარებით ნაკლები, 64.4% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის უფრო დაბალ ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მესამე კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 104.3 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მესამე კვარტალი საშუალოდ 111.3 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, მიმდინარე წლის ოქტომბრიდანაა მოსალოდნელი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და პროგნოზები გართულებული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.7 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.3 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო მაისის საშუალო დღიურ მოხმარებას კი 1.9 მლნ ბარელით აღემატება. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 1.3 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 9.1 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის ივნისში საშუალო დღიური მოხმარება 90.6 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის ივლისისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 99.6 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.5 მლნ ბარელით ნაკლებია. კვარტალურ ჭრილშიც კლებაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.2 მლნ ბარელით ნაკლები, 100.0 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 1.6 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 7.7 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. თუმცა, სანქციების ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა შემცირდება, რომელიც შეიძლება აზერბაიჯანით კომპენსირდეს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.68 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.05 მლნ ბარელით ნაკლებია. წლის მეოთხე კვარტალში კი აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.67 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს-ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.59 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დღიური წარმოება 10.92 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 1.05 მლნ ბარელით აღემატება. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, თუმცა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ.