23.სექტემბერი .2022 18:29

ნავთობის ღირებულება მკვეთრად ეცემა - ბირჟაზე ბარელის ფასი 2022 წლის მინიმუმამდე შემცირდა

ნავთობის ღირებულება მკვეთრად ეცემა - ბირჟაზე ბარელის ფასი 2022 წლის მინიმუმამდე შემცირდა
views 799
უკან

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების ვარდნის უჩვეულოდ მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - სულ რაღაც რამდენიმე საათში ნავთობის ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა.

ამჟამად ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 85-დოლარიან ნიშნულზეა, ხოლო WTI Crude-ის ღირებულება 78 დოლარს შეადგენს, რაც 2022 წელს დაფიქსირებული მინიმუმია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბირჟაზე ნავთობის ფასი მხოლოდ 7%-ით უფრო მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული აღმასვლის ტენდენცია ფაქტობრივად გაქრა.

ენერგორესურსების გაიაფება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ინგლისის ბანკის გადაწყვეტილებებთან, რომელმაც გავლენა მსოფლიოს თითქმის ყველა ცენტრალურ ბანკზე იქონია, რის შედეგად გლობალური ეკონომიკა ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რეჟიმზე გადაერთო.

ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობზე მოთხოვნაზე.

ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ FED და ECB განაკვეთის ზრდას 2023 წლამდე გააგრძელებენ, რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება ნავთობის ფასზე.

ინვესტორების მოლოდინზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მკვეთრად ეცემა ნავთობის სამომავლო კონტრაქტების ფასებიც. მარტი-აპრილის ფიუჩერსების შეძენა უკვე 75 დოლარადაა შესაძლებელი, 2023 წლის ივნისი-ივლისის ფიუჩერსები კი ბირჟაზე 73 დოლარად ივაჭრება.

ამ დაღმასვლის ტენდენციის შესანელებლად, სავარაუდოდ, OPEC-ის ხელმძღვანელობა ნავთობის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა