04.აგვისტო .2022 20:56

ნავთობის ღირებულება ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - ფასების მკვეთრი ვარდნის გამომწვევი მიზეზები

ნავთობის ღირებულება ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - ფასების მკვეთრი ვარდნის გამომწვევი მიზეზები
views 9269
უკან

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვარდნის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 3%-ით, 93-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა; WTI Crude-ის ღირებულება კი 88 დოლარამდეა შემცირებული.

საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასი ახლა უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე ბარელი Brent-ის ფასი 94 დოლარი იყო; ხოლო WTI-ის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა.

ნავთობის ფასების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა, აღნიშნულ ნარატივს კი განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, ხოლო პოზიტიური პროგნოზი ანალიტიკოსებს არც მეორე ნახევართან მიმართებით არ აქვთ.

რეცესიისა და ეკონომიკის კრიტიკულად შენელების რისკები, ბუნებრივია, ნეგატიურ ზეწოლას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე, რადგან აღნიშნული სცენარის განვითარება მნიშვნელოვნად შეამცირებს საწვავზე მოთხოვნას და მოსახლეობის გადახდისუნარიანობას.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ომის დასაწყისში ინვესტორები და ტრეიდერები ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვების სრულ პარალიზებას პროგნოზირებდნენ, რაც ფასებზეც შესაბამისად აისახა, თუმცა ფაქტია, რომ რუსული ნავთობის ნაწილობრივი ჩანაცვლება მოხერხდა, უახლოეს მომავალში კი მოსკოვის მხრიდან მიწოდების სრულად შეწყვეტის რისკი საკმაოდ დაბალია.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სამომავლო ანუ ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში ინვესტორები ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტ ვარდნას პროგნოზირებენ.

ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით:

2022 წლის ოქტომბერი - $87
2022 წლის ნოემბერი - $86
2022 წლის დეკემბერი - $85
2023 წლის იანვარი - $85
2023 წლის თებერვალი - $84
2023 წლის მარტი - $83


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას OPEC-მა საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების დამატებით 100,000 ბარელით ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უმნიშვნელოდ დაბალი მაჩვენებელია და ნავთობის ფასებზე პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა