მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2020 წელს მოგება 38-ჯერ შეუმცირდა

60eeab26666a8
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.21 14:28
1084
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” წარსულში ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სახელმწიფო საწარმო იყო. 2019 წელს კომპანიის მოგებამ 120.1 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა 2020 წელს არსებული კრიზისის და ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად, კომპანიის მოგება 97%-ით შემცირდა და მხოლოდ 3.2 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2020 წელს 124 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 997 მილიონს მიაღწია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კორპორაციისთვის შემოსავლის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი ელექტროენერგიის წარმოებაა, რაც “გარდაბანი 2”-ის თბოეელექტროსადგურის ექსპლოატაციაში შესვლას უკავშირდება.

უფრო დეტალურად სეგმენტების მიხედვით კომპანიის შემოსავლები ასეთია:

• შემოსავალი ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან - 585 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.8%;
• შემოსავალი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან - 333 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 48%;
• შემოსავალი ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან - 9.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 37%.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მოგების შემცირება ძირითადად ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ზარალს უკავშირდება. ლარის გაცვლითი კურსის 14%-ით გაუფასურებამ კომპანიას 103 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, რადგანაც მისი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული კურსის გაუფასურების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქტივების მოცულობა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1.84 მილიარდ ლარს შეადგენს. ორგანიზაციის საკუთრებაში შედის მაგისტრალური გაზსადენების სისტემა და ახალი თბოელექტროსადგურები.

2020 წლის ბოლოს კორპორაცია $174 მილიონ დოლარად "გარდაბანი 3"-ის 272-მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმებად გეგმავდა, რისთვისაც მაშინ ტენდერში საუკეთესო კანდიდატად "ჩალიკ ენერჯი" იყო გამოვლენილი, თუმცა როგორც ირკვევა, ამ თბოსადგურის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის გაფორმებული. ჯერჯერობით უცნობია ააშენებს თუ არა ამ თბოსადგურს "ჩალიკ ენერჯი" თუ სხვა კომპანია.