31.აგვისტო .2019 12:48

ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება 65%-ით შემცირდა

views 728
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2019 წლის შუალედური ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით, კორპორაციის წმინდა მოგება 65%-ითაა შემცირებული და 32.2 მილიონ ლარს შეადგენს. კლების ძირითადი მიზეზი კორპორაციისთვის გაზრდილ ფინანსურ (სესხის მომსახურების) ხარჯებს უკავშირდება.

წმინდა მოგების შემცირების საპირისპიროდ, კომპანიის ჯამური შემოსავალი მზარდია, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 98 მილიონი ლარით, ანუ 29%-ით გაიზარდა და მან 433,8 მილიონ ლარს მიაღწია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წმინდა მოგების შემცირების მთავარ მიზეზს გაზრდილი ფინანსური ხარჯი წარმოადგენს. თუ 2018 წლის პირველ ნახევარში კორპორაციის საფინანსო ხარჯი (სესხის მომსახურება) 24 მილიონ ლარს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 66.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კომპანიის შემსოავლებს, ის ასე გამოიყურება:

ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 288.6 მილიონი;
ელექტროენერგიის გენერაცია - 109.7 მილიონი;
მილსადენების გაქირავება - 21.4 მილიონი;
ნავთობის ტრანსპორტირება - 9.7 მილიონი.

ამჟამად კორპორაცია მსხვილ საინვესტიციო პორექტს ახორციელებს, რაც გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობას უკავშირდება. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სადგურის გახსნა 2019 წლის მეოთხე კვარტალში მოხდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ენერგობაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა