მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო Frontera-ს სიცრუეში ადანაშაულებს

5f1e7c8236ad5
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 11:13
1187
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-ს სიცრუის გავრცელებაში ადანსაულებს, რაც კომპანიის უკანასკნელ განცხადებას ეხება. თავის მხრივ, კომპანია Frontera აცხადებს, რომ სახელმწიფოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რათა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოშლისგან თავი შეიკავოს არის სიცრუე, რადგან არბიტრაჟის გადაწყვეტილება მთავრობას შესაბამის უფლებამოსილებას არ აძლევდა. ამას უარყოფს ნავთობის და გაზის სახელმწიფო და Frontera-ს სიცრუეში ადანაშაულებს.

ამასთან, სახელმწიფო სააგენტო Frontera-ს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. 

საქართველოს ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადება:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მხრიდან „კონტრაქტით“ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი. მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინა „ფრონტერა“-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერა“-ს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შეთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროვებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენს მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება.

მივმართავთ კომპანია „ფრონტერას“, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებით და განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები ათვისების ფართობზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აღმოჩენილ საბადოებზე, კონკრეტულად მირზაანის (17.2 კმ2), ტარიბანის (17.66 კმ2), პატარა შირაქის (1.96 კმ2), ბაიდას (3.71 კმ2), ნაზარლების (0.49 კმ2) და მწარეხევის(1.59 კმ2) საბადოებზე (სულ 42.61 კმ2, რაც შეადგენს XII ბლოკის საერთო ფართობის (5060 კმ2 ) 0.84 %-ს ), რომლებიც ლიცენზიის მიხედვით ასევე სიღრმით არის შეზღუდული.

ასევე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება, პირველ რიგში, სოციალური და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას."