მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი ხსნის მინისტრი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის 12 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას?

61e6a2c6c803f
ანუკა ჯოხაძე
18.01.22 16:09
1046
"გამარტივებული შესყიდვა არის სწრაფი გზა და ის გარკვეულწილად ადეკვატური ხარისხის მიღების შესაძლებლობას იძლევა", - ასე უპასუხა დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვას, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების საჭიროებას შეეხებოდა.

მინისტრი ირწმუნება, რომ დაჩქარებული წესით მარკეტინგული აქტივობობების განხორციელება ქვეყანაში პანდემიით დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას უკავშირდება.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა მივიღოთ ადეკვატური ხარისხი, ამიტომ არსებობს გამარტივებული შესყიდვის მექანიზმი, რომელიც არ ნიშნავს უკონკურენტო შესყიდვას. ეს არ არის ის, რომ ერთ კომპანიასთან ვდებთ ხელშეკრულებას, იქაც არის კონკურენტული შერჩევა, ე.წ. ბაზრის კვლევა, სადაც საუკეთესო პირობის შემომთავაზებელზე კეთდება არჩევანი. ეს უფრო სწრაფი გზაა. რატომ გვეჩქარება და რატომ გვინდა, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ ტურიზმში? - მოგეხსენებათ, რომ კოვიდის გამო ტურიზმის აღდგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მართალია, 2021 წელს ჩვენ უკეთესი შედეგები მივიღეთ ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით, ვიდრე ველოდით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წელს თუ არა, 2023 წელს სრულად ვთქვათ, რომ ტურიზმი აღვადგინეთ, ისე როგორც ეს იყო პანდემიამდე. ეს ძალიან ამბიციურია, რადგან ზოგადად, მსოფლიოში არის პროგნოზი, რომ 2025 წლამდე ეს შეუძლებელია, პანდემიაც არსად წასულა. სწორედ ამიტომ არის დაგეგმილი აქტიური მარკეტინგული კამპანია", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

BM.ge-მ მინისტრს ასევე ჰკითხა, რას გულისხმობს წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა, რისთვისაც ტურიზმის ადმინისტრაცია 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს და რა კრიტერიუმით შეირჩევა ქვეყნები, სადაც აღნიშნული ოფისები განთავსდება, მაგრამ პასუხი, ჯერჯერობით, ვერ მივიღეთ.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 მლნ ლარის დახარჯვას შემდეგ აქტივობებზე გეგმავს:

საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში სტენდის მშენებლობა - 800 000 ლარი
როუდშოუების, პრეზენტაციების ორგანიზება სახელოვნებო მომსახურებები- 60 000 ლარი
სახელოვნებო წარმოდგენები- 97 000 ლარი
ITB Berlin 2022-ში მონაწილეობის ფარგლებში შესასყიდი მომსახურებები 500 000 ლარი
B2B ღონისძიებები 225 000 ლარი
ვიდეო რგოლის დამზადება (სატელევიზიო რეკლამებში განთავსება)- 1,650,000 ლარი
ფოტო გადაღება/ფოტოების შესყიდვა- 150 000 ლარი
სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის ორგანიზების მომსახურება- 3 ,100, 000 ლარი
ქართული საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებები 16 000 ლარი
წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა მიზნობრივ ქვეყნებში- 5 000 000
სატრენინგო მომსახურებები- 300 000 ლარი
კვლევითი მომსახურებები -34 000 ლარი
ადმინისტრაციული მომსახურება- 50 000 ლარი
ქართული ღვინის შესყიდვა და ტრანსპორტირება 5 000 ლარი.