მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცენტრ პოინტის" სამი დაპაუზებული მშენებლობა დასრულდება - ინვესტორი ნაპოვნია

5f91674021efa
ინგა მურუსიძე
22.10.20 15:10
3072
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებული და აუშენებელი კიდევ სამი პროექტი დასრულდება. ინვესტორი ნაპოვნია და უკვე გადაწყვეტილია, რომ სამშენებლო კომპანია „იქსმშენ დეველოპმენტი“ მომდევნო 2,5 - 3 წლის განმავლობაში პეტრე იბერის, ბოხუასა და ხოშარაულის ქუჩებზე, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებულ დაუსრულებელ მშენებლობებს დაასრულებს.

საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო. BM.GE-ს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა უთხრა, რომ მშენებლობების დასრულების შედეგად 800-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.

„საკრებულოს წინა სხდომაზე გამოვიტანე „ცენტრ პოინტის“ მიერ აუშენებელი სამი ობიექტი - პეტრე იბერის ქუჩაზე, ბოხუას ქუჩა #10-ში დაუსრულებელი მშენებლობა და ხოშარაულის #29-ში დაუსრულებელი მშენებლობა. ინვესტორს გავუკეთეთ გარკვეული პრეფერენციები, მათ შორის არის K2 კოეფიციენტის გადამეტება, რომ მასაც ენახა მოგება და საბოლოო შეთანხმება მიღწეულია. დათმობების გარეშე ინვესტორს ვერ დავუბალანსებთ იმ ინტერსს, რაც შეიძლება მას ამ მშენებლობაზე ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება დათმობებს, რომელზე წასვლაც დედაქალაქის მთავრობას შეთანხმებების დასასრულებლად მოუწია, ასეთია: K2 კოეფიციენტის გაზრდა, არქიტექტურული საკითხები და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არაარსებითი საჭიროებები.

„ავამაღლეთ K2 კოეფიციენტი, გათვალისწინებული იქნა არქიტექტურული პრეფერენციებიც. ყველა ეს მშენებლობა დაწყებულია 2008 წლამდე, შესაბამისად, მათზე გავრცელდა 2008 წლამდე არსებული კანონმდებლობა და არა ის, რომელიც დღეს გვაქვს. დღეის მდგომარეობით, მშენებლობების მიმართ ძალიან მაღალი სტანდარტია დაწესებული. მაგალითად სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომელსაც აქვს არსებითი და არაარსებითი ხასიათი. არსებითები გავათვალისწინებინეთ ინვესტორს, ხოლო არაარსებითზე გარკვეული პრეფერენციები მივეცით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „სპრინკლერების“(ხანძრის დროს წლის გამანაწილებელი) დაყენება, ხოლო სახანძრო კიბე, გასასვლელები და ა.შ. ყველა ინვესტორს გავათვალისწინებინეთ. დათმობებზე წასვლა მოგვიწია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება საინვესტიციო მოცულობას, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, არსებობენ ადამიანები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაგანაც „ცენტრ პოინტს“ თანხა აქვს ნასესხები და ინვესტორმა ვალი უნდა დაფაროს, დაახლოებით 15 მლნ დოლარი. ჟორჟოლიანი მთლიანი ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ „სოლიდური ინვესტიციაა“ და კვადრატულ მეტრზე 250 დოლარია ნავარაუდევი.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ძალიან რთული იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსაძებნი, ასევე დოკუმენტები, კომპანიები და ა.შ.

„ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ვიდრე გავერკვეოდით რასთან გვქონდა საქმე. ამის შემდეგ ინვესტორებთან ყოველდღიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, მაგრამ გავედით ბოლოში. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით დარჩა სამი პროექტი, რომლებზეც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნოემბრისთვის შევძლებთ მოლაპარაკებების დასრულებას. ამჟამად ორ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიები, მათ შორის საბანკო, იმისთვის, რომ „ცენტრ პოინტი 2“ არ განმეორდეს“, - განაცახდა ჟორჟოლიანმა.

2018 წელს კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და კომპანია „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თუკი 6 თვის ვადაში ცენტრ-პოინტი გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებდა, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მ2-სა და ცენტრპოინტს შორის შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.