მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, მარეგულირებლის გადაწყვეტილება სწორი იყო - ვახტანგ ბუცხრიკიძე

5fe6282aa046e
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.20 23:40
1851
“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ მისი შეფასებით, მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული კრიზისის მართვის დროს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

“მე ვფიქრობ, რომ მარეგულირებლის ქმედება იყო სავსებით სწორი. განსაკუთრებით მარტ-აპრილის პერიოდში. სექტორი მომზადებული შეხვდა კაპიტალით და ლიკვიდურობით. ეროვნულმა ბანკმა გაზაფხულზე მიიღო გადაწყვეტილება და კაპიტალის მოთხოვნა რადიკალურად შეამცირა, რაც რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ქმედება 2021 წლისთვის. პირველ რიგში იმისთვის, რათა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს,”- ამბობს ბუცხრიკიძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც “თიბისი ბანკის” CEO-ს შეფასებით, 2021 წელს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, რაც სხვა საკითხებთან ერთად ბანკების მიერ დივიდენდების გაცემას შეეხება.

“რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ორ მსხვილ ბანკს - თიბისის და საქართველოს ბანკს ეხება, რამდენადაც ვართ საერთაშორისო ბანკი და გვყავს ძალიან ბევრი ინვესტორები, ამ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია დივიდენდებზე ბანკების სტრატეგია და პოლიტიკა,”- ამბობს ბუცხრიკიძე.

თავად “თიბისის” სტრატეგიაზე საუბრისას ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ბანკის პრიორიტეტი კვლავ კრიზისში აღმოჩენილი ბიზნესების და მოქალაქეების დახმარება იქნება. 2021 წლის მეორე ნახევრიდან კი მეტ აქცენტს დაკრედიტების ზრდაზე გააკეთებენ.

“2021 წლის პირველ ნახევარში, როდესაც კვლავ COVID-ი და კრიზისული სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან, რომელთაც COVID-ის გამო პრობლემები შეექმნათ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ მიმართულებით, რათა COVID-ის შემდეგ ბიზნესების გაგრძელება შეძლონ. ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ დიდი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას. ვგულისხმობ დიდ და პატარა ჰიდროელექტროსადგურებს. რაც შეეხება 2021 წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს ამბიცია, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას,”- განაცხადა გადაცემა “საქმიან დილაში” ვახტანგ ბუცხრიკიძემ.