16.მარტი .2020 12:15

NCDC: გუდაურში მყოფ ჩეხ და სლოვაკ ტურისტს კორონავირუსი სამშობლოში დაუდგინდა

views 6835
უკან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე ჩეხი ტურისტებისთვის დადასტურებული კორონავირუსის გამო განმარტებას აკეთებს.

როგორც კასრაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს და ის გუდაურში ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ ვირუსი საქართველოში არ დაუდგენიათ.

„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია), რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები.

გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე გადასვლის რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან.

საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - წერს ანა კასრაძე.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ გუდაურში არსებულმა რესტორან "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 ტურისტს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, რესტორანს ხშირად სტუმრობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია "მთვრალმა ალუბალმა" დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიიღო, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული ვირუსის დადასტურების ადგილი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა