მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებართვა და მოსაკრებელი თევზის მოშენებისთვის - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

5e4696fbbdc31
დავით ჯალაღონია
16.02.20 10:00
3271
პარლამენტმა "აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ თევზის მოშენების - აკვაკულტურის სფეროში საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვის აღების ვალდებულება შემოდის.

კერძოდ, მათ ვინც აკვაკულტურის მიმართულებით შავ ზღვაში, ტბებზე, წყალსაცავებში, მდინარეებში და სხვა წყალსატევებში საქმიანობენ, 2021 წლიდან ნებართვის ასაღებად აკვაკულტურის უწყებათაშორის კომიტეტს უნდა მიმართონ, რომელიც თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვას, ანუ დოკუმენტს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იქნება განკუთვნილი.

2024 წლიდან ამ ნებართვების ასაღებად მეწარმეებს 200 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ, მანამდე კი მომსახურება უფასო იქნება. კანონპროექტი, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლიდან შევა ძალაში.

"კაკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება, ან ხელახლა გაიაროს აკვაკულტურის განხორციელების უფლების მიღების მიზნით განსაზღვრული პროცედურები.

აღნიშნული ჩანაწერის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული აკვაკულტურის განმახორციელებლი პირის მიერ საქმიანობის თვითნებური გაგრძელება და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს გარემოს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, არ მისცეს პირს აკვაკულტურის განხორციელების გაგრძელების შესაძლებლობა", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის სფეროში რეგულირების ახალი მექანიზმების ამოქმედების გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2021 წლიდან რვა საშტატო ერთეული უნდა დაემატოს, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯი გაიზრდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 ათას 720 ლარი გამოიყოფა, გარემოს ეროვნული სააგენტო კი ხუთ ახალ თანამშრომელს მიიღებს და ჯამურად, გაზრდილი უფლებამოსილებები 123 ათას 600 ლარი დაუჯდება.

რაც შეეხება აკვაკულტურის სფეროში ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, როგორც კანონპროექტის ავტორები წერენ, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აკვაკულტურის წლიური საერთო პროდუქცია 2 381 ტონას შეადგენს, როცა პოტენციალი 30 ათას ტონას აღწევს. ამასთან, "საქსტატის" 2019 წლის მონაცემებით, ღირებულებაში გამოხატული თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების და სხვა მსგავსი პროდუქტის იმპორტი (წლიური ზრდა 15%), ექსპორტს (წლიური ზრდა 23%) 11-ჯერ აღემატება.