14.მაისი .2020 22:35

ნებისმიერ დროს ორგანიზაციის შემოწმება გადაჭარბებული უფლებაა - GCCI "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე

views 402
უკან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI) "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს, რომლის ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია.

როგორც GCCI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება, რიგ შემთხვევაში არც დამსაქმებლის და არც დასაქმებულის ინტერესში შედის.

"მაგალითად, შრომის ინსპექტორს უფლება აქვს, რომ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში შევიდეს და შემოწმება დღის ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი უფლებამოსილების მინიჭებაა და ასეთ შემთხვევაში, თუ შესვლა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

ამასთან, აქ საუბარია, რომ ინსპექტორს უფლება აქვს, დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შევიდეს ნებისმიერ ქონებაში და ეს "ნებისმიერი" - განმარტებული არ არის. ვფიქრობთ, მინიმუმ ნუსხა მაინც უნდა იყოს, რა იგულისხმება "ნებისმიერში", რადგან შესაძლებელია, ისე მოხდეს განმარტება, რომ ნებისმიერი არის მაგალითად, მეწარმის საცხოვრებელი სახლი და შესაძლებელია, შემოწმება იქ დაიწყოს, რაც ასევე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ შემოწმების დროს ინსპექტორმა შესაძლებელია მოითხოვოს ხელშეუხებლობა ცალკეული ტერიტორიის, ან საწარმოსი. ამ ხელშეუხებლობაში რა იგულისხმება, ზუსტად არ ირკვევა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეფერხებას, ან შეწყვეტას, რაც არა მგონია, მეწარმეების ან დასაქმებულების ინტერესში შედიოდეს. შესაბამისად, ამასთან მიმართებით ცალსახად მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს სასამართლოს ნებართვა", - განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.

მას შენიშვნები ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერზეც აქვს, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის მინიმუმ 125% უნდა იყოს.

"მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს და მინიმალური ზღვრის დაწესება არ უნდა ხდებოდეს, რადგან თუ მინიმალურ ზღვარს დავაწესებთ, შესაძლებელია, მეწარმემ ამ პიკურ პერიოდებში, თანამშრომელი კი არ დაიქირავოს და სამუშაო საათები გაუხანგრძლივოს, არამედ დამატებითი თანამშრომელი აიყვანოს და ეს არცერთი მხარის ინტერესში არ შედის - არც დასაქმებულის, არც დამსაქმებლის", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. მისი ავტორის დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, დოკუმენტის განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა