მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნებისმიერ კომპანიას ონლაინაუქციონის ერთ საათში გაშვების საშუალებას ვაძლევთ” - Artisio

64745eeb1b907
გიორგი არონია
29.05.23 23:45
600
Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის ორგანიზებით, ბათუმში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრში სააუქციონო სახლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ, Artisio-მ გაიმარჯვა. კომპანიის წარმომადგენლები მიმდინარე წლის ნოემბერში, კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც კომპანია $1-მილიონიანი საპრიზო ფონდის მქონე გლობალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც Artisio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბერდია ყამარაული "ბიემჯისთან" საუბრისას ამბობს, კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ბერდია ყამარაული აღნიშნავს, რომ კომპანიის უმთავრეს მიზანს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა წარმოადგენს. ამასთან, Artisio საფრანგეთში შესვლასაც გეგმავს, სადაც კომპანიას, ამ ეტაპზე, სამი კლიენტი ჰყავს.

“ჩვენს კლიენტებს შორის დიდი სააუქციონო სახლებიც არიან, მათ შორისაა Stanley Gibbons-იც, რომელიც საფოსტო მარკების მსოფლიოში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უძველესი სააუქციონო სახლია. ამ სააუქციონო სახლს ე.წ. “სამეფო უფლება”, რაც ნიშნავს, რომ ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირად კოლექციას მენეჯმენტს უწევს. ჩვენს კლიენტებს შორისაა ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი სააუქციონო სახლიც, მაგრამ, ამასთან, ვემსახურებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც აუქციონების მიმართულებით არ ოპერირებენ. ასეთია NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც მეორადი პროდუქციის აუქციონზე გაყიდვაში ვეხმარებით”, - აღნიშნავს ბერდია ყამარაული ბიემჯისთან საუბრისას და დასძენს, რომ Artisio-ს კლიენტებს შორის ღვინისა და მეორეული ნივთების სააუქციონო სახლებიც არიან.

ბიემჯის კითხვაზე, გეგმავს თუ არა Artisio სახელმწიფო ტენდერების გამარტივების მიზნით საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას, ბერდია ყამარაული ამბობს, რომ ასეთი გამოცდილება კომპანიას უკვე ჰქონდა.

“სამხრეთ აფრიკიდან კომპანიამ მოგვმართა, რომელსაც სურდა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით აუქციონზე სახელმწიფო ლიცენზიები გაეყიდა. ანალოგიურად ამისა, ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი სახელმწიფო ტენდერის ჩატარება შეიძლება. ახლა ბრაზილიის ბაზარზე გაკოტრებული კომპანიების აქტივების მმართველ კომპანიას ველაპარაკებით, რომელსაც სურს, აქტივები ჩვენი პლატფორმის გამოყენებით გაყიდოს”, - აღნიშნავს ბერდია ყამარაული ბიემჯისთან საუბრისას.

როგორც Artisio-ს დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში, ამჟამად, კომპანიას კლიენტები არ ჰყავს, რასაც, მისი თქმით, აუქციონის კულტურის არარსებობა განაპირობებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ დაინტერესება მზარდია.

“როგორც ვიცი, საქართველოში “ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი” შემოდის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ონლაინმაღაზიაში შეძენილი პროდუქცია ყიდვიდან 30 დღის განმავლობაში დააბრუნოს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ეს მოდელი შემდეგნაირად ფუნქციონირებს: როცა მომხმარებელი პროდუქტს უკან აბრუნებს, Amazon-ი ან სხვა მსგავსი კომპანია ამ პროდუქტს მის ვებგვერდზე აღარ ათავსებს, რადგან ჰყავს კომპანია, რომელსაც ამ ნივთებს აუქციონზე გასაყიდად აძლევს.

ანალოგიური მოდელის დანერგვა ქართულ ბაზარზეც გახდება აუცილებელი და მზად ვართ, ასეთ კომპანიებს აუქციონების ჩასატარებლად საჭირო მზა პლატფორმა მივაწოდოთ”, - განაცხადა ბერდია ყამარაულმა ბიემჯისთან საუბრისას.