22.მაისი .2020 14:40

ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი იქნება - თურნავა ფოთში APM-ის გეგმებზე

views 454
უკან

"ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე იქნება ღრმაწყლოვანი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში ახალი ნავსადგურის პროექტზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ფოთის პორტის პროექტში ჯერ დეტალურად არ არის გაწერილი, რა სიღრმის იქნება, თუმცა იმისთვის, რომ მან საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხოს, მისი სიღრმე 10 მეტრს უნდა აღემატებოდეს.

"ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ფოთის პორტმა რა სათაურითაც შემოიტანა ამ პროექტის კონცეფცია განსახილველად და პირველ რიგში, იცით, რომ მიწათსარგებლობის ნებართვა მათ მიღებული აქვთ, სათაურშივე აქვთ მითითებული, რომ ეს პროექტი იქნება ღრმაწყლოვანი, თუმცა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დეტალური ტექნიკური პროექტი, სადაც კონკრეტულად გვეცოდინება, რა კონფიგურაციით და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს ჯერ კიდევ შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი მუშაობენ.

თუმცა რაც შეეხება თვითონ პორტების ღრმაწყლოვანობას, დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე პანამაქსის ტიპის ხომალდებს, რომელსაც 65 000 ტონაზე და მეტი აქვს ამწეობის შესაძლებლობა, უნდა იყოს ე.წ. ღრმაწყლოვანი, ანუ პორტის აკვატორიის სიღრმე უნდა იყოს 10 მეტრი. დღესდღეობით, ჩვენი ფოთის მოქმედი პორტი, საშუალოდ რომ ვთქვათ, არის 8 მეტრი სიღრმის, თუმცა გარკვეული ადგილები არის 10-მეტრიანი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, მათ შორის რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და უნდა იყოს 10 მეტრზე უფრო მეტი სიღრმის, ასეთია თუნდაც ის ტერმინალი და მისი ნავმისადგომი ინფრასტრუქტურა - ე.წ. პეისის პროექტი, რომელიც აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტის - ოპიკის დახმარებით ხორციელდება. იქაც, რამდენადაც ჩვენ ვიცით პროექტიდან, 13 მეტრი და მეტია სიღრმე. სავარაუდოდ, ალბათ ასეთი პროექტი იქნება APM Terminal-ისაც, ალბათ 10 მეტრზე მეტი იქნება სიღრმე იმისთვის, რომ თანამედროვე სახე ჰქონდეს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რიონის დელტა, სადაც ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა მდებარეობს, ხასიათდება დალექვით - დასივლით ძალიან ძლიერია ეს სედიმენტაციის პროცესი, ამიტომაც ცოტა უფრო ღრმა უნდა იყოს, თუ გვინდა რომ ეს იყოს თანამედროვე პორტი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გარდა ამისა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით არსებული საკითხის პოლიტიკურ მდგენელზეც ისაუბრა. 

"ისევ ვამბობ, რომ თუნდაც "პეისის" პროექტი და ეიპიემის პროექტი, ორივე ამ გაგებით ღრმაწყლოვანია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს ვითარდება იმისთვის, რომ იყოს კონკურეტნული. ასე რომ ამ ტერმინის -  "ღრმაწყლოვანი" - პოლიტიზირება, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, აწყობდა ალბათ იმას, ვინც ამით თავის რაღაც წარუმატებლობას ფარავდა. ეს წმინდა ტექნიკური საკითხია და ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე იქნება ღრმაწყლოვანი", - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა