11.თებერვალი .2020 00:24

ნებისმიერი საზ. ტრანსპორტისთვის მოლოდინის დრო იქნება 7-10 წუთი - მაია ბითაძე

views 740
უკან

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოლოდინის დრო თითოეულ ხაზზე იქნება 7-დან 10 წუთამდე, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა ვიდეოდიალოგის ფარგლებში, რა დროსაც კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მერიის მთავარი მიზანი არის არამხოლოდ მექანიკური ჩანაცვლება, არამედ მოსახლეობის რაოდენობასა და მობილობაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება.

„ამ კუთხით და იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად არსებული საავტობუსო ქსელის ჩანაცვლება დავასრულეთ შესყიდვის კუთხით, ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, ეს არის 180 18-მეტრიანი და კიდევ დამატებით 80 12-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცედურების დაწყება, რისი მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეული უბანი იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მოლოდინის დრო იქნეს შემცირებული.

დღეს გვაქვს ძალიან დიდი ოდენობით უბნები, რომლებიც თითქმის მოუმსახურებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და 18-მეტრიანი ავტობუსების და ძირითადად ათ დერეფანზე საავტობუსო ქსელის ახალი მარშრუტის მოწყობა იქნება იმის საწინდარი, რომ ამ პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლოდინის დრო თითოეულ ხაზზე იქნება 7-დან 10 წუთამდე ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.

თავის მხრივ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მთლიანად ავტობუსების ჩანაცვლების პროცესის შედეგად, რომელიც დაწყებულია, „წლის ბოლომდე ჩვენ მთლიანად მოვახერხებთ გვყავდეს ახალი „ევრო 6“-ის ავტობუსები“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა