მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი სცენარით ნავთობზე ფასი გაიზრდება... ბარელმა შესაძლოა $150-ს მიაღწიოს - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

621777fe28133
ელენე გოგბერაშვილი
25.02.22 09:13
840
რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად რუსეთის ენერგოექსპორტის შესაძლო რისკების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. Brent-მა ბარელზე $100 შეადგინა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ომამდეც, რუსეთ-უკრაინას შორის კრიზისის პირობებშიც ნავთობზე ფასის ზრდა მოსალოდნელი იყო. ვანო მთვრალაშვილი, რომელიც საქართველოს ნავთობიმპორტიორთა გაერთიანებას წარმოადგენს, პროფესიულ წრეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნავთობის ფასი 120 დოლარიანი ნიშნულისკენ მიდის და შესაძლოა ბირჟებზე მისი ღირებულება 150 დოლარამდეც გაიზარდოს.

„საათებია საომარი მოქმედებები დაიწყო და ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს გადასცდა. აქ მთავარი ფაქტორი რა თქმა უნდა არის რუსეთი, რომელიც არის ნავთობის მოპოვების და ექსპორტის მხრივ მეორე ადგილზე მსოფლიოში. მისი ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის მიმართულებით საკმაოდ სოლიდურია, ევროპაში მოხმარებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სადღაც 30-40%, რუსეთიდან არის იმპორტირებული.

შესაძლებელია რუსეთს დაუწესდეს სანქციები ექსპორტზე და ეს რა თქმა უნდა ნავთობის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს იმპორტის 10%-შიც რუსეთიდან იმპორტირებული ნედლი ნავთობი შედის და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ზოგადად ფასზე, იმიტომ, რომ ისედაც გაზრდილი მოთხოვნისა და ოპეკის მიერ შემცირებული წარმოების პირობებში და იმ პირობებში, თუ მოხდა რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვა, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ გავლენას მოახდენს ნავთობის ფასზე.

არსებობს მეორე ვარიანტი - რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ახდენს ნავთობის ექსპორტს. უკრაინის საშუალებით, მისი სამხრეთის ნაკადის საშუალებით სადღაც 250 000 ბარელის გატარება ხდება ყოველდღიურად, შეიძლება ამ მოცულობის გატარება შეჩერდეს საომარი ვითარებიდან გამომდინარე, ესეც ფასზე გავლენას ახდენს.

თუ აშშ-ს და ევროკავშირის სანქციები მოიცავს რუსეთიდან ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტის შეზღუდვას ეს დამატებით ფაქტორი იქნება ნავთობის ფასზე. ყველა შემთხვევაში, რომც არ იყოს სანქციები, საომარი მოქმედებები თავისთავად ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთიდან, რაც გავლენას ახდენს ფასზე.

ყველა სცენარით ნავთობზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი. სანქციების გარეშეც მიწოდების შეფერხების რისკიც არსებობს.

პროფესიული შეფასებებით, ნავთობის ღირებულება 120-150 დოლარამდე ნიშნულამდე შეიძლება გაიზარდოს“-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი დღეში 10 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს, რითიც გლობალურად მესამე ადგილზეა; რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელიცაა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ექსპორტის ნახევარზე მეტი - 54% საწვავ და ენერგეტიკულ პროდუქტებზე მოდის.

რუსეთმა გასული წლის მდგომარეობით $110.1 მილიარდის ღირებულების 230 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ამასთან, 70 მილიარდი დოლარის ღირებულების 144 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გაყიდა, ექსპორტირებულმა ბუნებრივი აირის მოცულობამ კი 203 მლრდ კუბ მეტრი შეადგინა, საიდანაც რუსეთმა 55.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რუსეთი ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვისაც.

გასული წლის მდგომარეობით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტში თურქმენეთის შემდეგ რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს. 2021 წელს საქართველომ რუსეთიდან 221 181 ტონა საწვავის იმპორტი განახორციელა, რაც მთელი იმპორტის 19,3%-ს შეადგენს.