მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნედლეული საკმარისი არ არის", - "ჩიკორის" გეგმები პანდემიის პირობებში

5ec7bf1d5ebcc
ანი ციხისთავი
22.05.20 15:59
1270
პანდემიის პირობებში ქართული ჩირის საწარმოს "ჩიკორს" წარმოების პროცესის გადაწყობა არ დასჭირვებია. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო მათიაშვილმა განუცხადა.

"ჩვენ პანდემიამდე გვქონდა გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. ერთადერთი რისი ცვლილებაც დავჭირდა, თერმოსკრინინგის დამატება იყო", - განაცხადა სანდრო მათიაშვილმა.

"ჩიკორმა" პროდუქციის მიტანის სერვისი პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე დაამატა.

"ამან გადაწყობა გაგვიადვილა. პანდემიის დროს უკვე საკუთარი ვებგვერდი ავამუშავეთ, საიდანაც პროდუქციის შეძენა შეიძლება და ჩვენი პროდუქტი Glovo-ზეც დავამატეთ.

მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია. ის ადამიანები, რომლებმაც შოკის დროს პირველ კვირაში შეიძინეს ჩვენი პროდუქცია, როგორც ჩანს, ჩვენს მომხმარებლებად დარჩნენ", - აღნიშნავს მათიაშვილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიამ ყველა თანამშრომლის შენარჩუნება მოახერხა.

ყველაზე დიდი გამოწვევა "ჩიკორისთვის" ექსპორტი აღმოჩნდა.

"ამ ეტაპზე ჩვენი საექსპორტო ქვეყნები გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ლიტვა, პოლონეთი და იაპონიაა. იაპონიასთან პანდემიის გამო მოლაპარაკებები შეჩერდა", - განაცხადა სანდრო მათიაშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უკვე აღდგა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი კონტრაქტით დასრულდება.

"ჩიკორის" სამომავლო გეგმებიდან ახალი - კამპანიის წამოწყებაა, რომლითაც გლეხებისგან სხვადასხვა პროდუქციას შეისყიდის.

"გვაქვს ხეხილის ბაღები, თუმცა ეს ნედლეული საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებსაც გვინდა დავეხმაროთ", - ამბობს "ჩიკორის" წარმომადგენელი.

მალე "ჩიკორის" ბრენდული სტენდი სრულიად განსხვავებული პროდუქციით ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში განთავსდება.