მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია, ქარხანა ასამუშავებლად მზადაა"- "აგარის შაქარი"

624048cf56b53
ლიკა გურაბანიძე
27.03.22 15:40
2184
“ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია, ქარხანა ასამუშავებლად მზად არის” - ამის შესახებ “აგარის შაქრის” დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკა ნათბილაძემ, გადაცემაში “რეალური სივრცე” განაცხადა.

როგორც მან განმარტა მოსახლეობაში შაქრის შესყიდვაზე პანიკა უნდა შეწყდეს, რადგან ქვეყანაში შაქრის მარაგების დეფიციტი არ შეიქმნება. “აგარის შაქარი” ლერწმის შაქარზეა გადაიარაღებული და ნედლეულის მომწოდებელი ძირითადი ქვეყანა ბრაზილიაა. შაქრის მცირე რაოდენობას ქვეყანა ევროპიდანაც იღებს.

"საქართველო შაქრის ნედლეულის იმპორტით არც რუსეთზე და არც უკრაინაზე დამოკიდებული არ არის. ჩვენი წარმადობა წლიურად 100 ათასი ტონაა, საქართველოში კი შაქრის მოხმარების საერთო ბაზარი 130-140 ათასი ტონაა. თუ დეფიციტი იქნება იმპორტის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ნედლეული შევუკვეთოთ და გადამუშავების წარმადობაც გავზარდოთ.” - აღნიშნა ნიკა ნათბილაძემ.

1 აპრილიდან "აგარის შაქარი" კიდევ ერთხელ ამუშავდება. საქმე ის არის, რომ კომპანია ბოლო წლების განმავლობაში, პერიოდულად კონსერვაციის რეჟიმზე გადადის და ახლაც მორიგი კონსერვაციის პირობებში იმყოფება, თუმცა 1 აპრილიდან ამოქმედდება და 31 დეკემბრამდე იმუშავებს. ამასთან, "აგარის შაქარში" ამბობენ, რომ მუშაობის განახლება დაგეგმილი ჰქონდათ და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.

ცნობისთვის: 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს. ქარხანა, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს ასაქმებს.